უძველეს ევროპელებს მუქი კანი და ლურჯი თვალები ჰქონდათ

0

brana_i_finalმეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ გამოიყურებოდა უძველესი ევროპელი ადამიანი. გენეტიკურმა კვლევამ ცხადყო, რომ 7000 წლის წინ მცხოვრებ ევროპელ მონადირე-შემგროვებელთა გარეგნობა მუქი ფერის კანის, ასევე მუქი თმისა და ლურჯი თვალების უჩვეულო კომბინაციით ხასიათდებოდა.

აღნიშნულმა აღმოჩენამ მეცნიერები გააოცა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ადრეულ ევროპელებს ღია ფერის კანი და თმა ჰქონდათ. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ დაახლოებით 45,000 წლის წინ აფრიკის კონტინენტის დატოვების შემდეგ ევროპელმა ადამიანებმა გარეგნობა მალევე იცვალეს და მათი თმისა და კანის ფერი ბევრად ღია გახდა.

კვლევა, რომელსაც ბარსელონის ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

„ევროპელი ადამიანის კანმა ფერი ბევრად გვიან იცვალა, ვიდრე ეს მანამდე იყო მიჩნეული”, – აცხადებს კვლევის ავტორი კარლ ლალუზა-ფოქსი.