საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა

0

1965616_605717426186004_978135335_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს, რომ აშშ-ი გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გამყოფი ბარიერების აგებას და იმედოვნებს, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ისეთი დინამიურია, როგორიც არასოდეს.
როგორც პრემიერმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე აღნიშნა, 2014 წლის შემდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, განაგრძოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი არჩევნების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, ასევე ხაზს გაუსვამს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-ი რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, ვინაიდან ორმხრივი დიალოგის გაღრმავება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია.

სხვა ახალი ამბები: