ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

0

zugdidis sakrebulo-qalaqiქალაქ ზუგდიდის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარეზერვო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ წარმოადგინა. ფარცვანიას ინფორმაციით, ქალაქის მერიამ ბიუჯეტი საკრებულოს,  კანონის დაცვით, 15 ნოემბრამდე გადაუგზავნა. მისივე თქმით, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი პარასკევს, 14 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მოქალაქეებს ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩართვისა და საკრებულოს სხდომების დასწრებისკენ მოუწოდებს.

კახა ფარცვანიას განმარტებით, 2015 წელს და მომდევნო წლებისათვის პრიორიტეტებად კვალვ რჩება: ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება, საინვესტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარების და ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება.

2015 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 15 მილიონ 821.9 ათასი ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი .

ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დაფინანსება 4 მილიონ 333, 1 ათას ლარს შეადგენს. აქედან, მერიის დაფინანსება 2 მილიონ 367, 6 ლარით , ხოლო საკრებულოსი 918, 5 ათასი ლარით განისაზღვრა.

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მუხლი 1 მილიონ 346, 6 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან, უდიდესი ნაწილი – 1 მილიონ 244, 2 ათასი ლარი საგანგებო სიტუაციების მართვისთვისკენ იქნება მიმართული.

ამავე პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 4 მილიონ 031, 9 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ სფეროში ყველაზე მეტი თანხა – 2 მილიონ 510, 0 ათასი ლარი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დაიხარჯება.

განათლების სფეროში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სკოლამდელი აღზრდის პროგრამა – 1 მილიონ 500,0 ათასი ლარი, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერა – 30 ათასი ლარი, სასულიერო გიმნაზიის ხელშეწყობის პროგრამა- 12 ათასი ლარი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია – 300,3 ათასი ლარი.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მუხლი 3 მილიონ 318 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან, სპორტის განვითარებისთვის 1 მილიონ 670 ათასი ლარი, ხოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 1 მილიონ 498 ათასი ლარი გამოიყო.

რაც შეეხება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 850 ათასი ლარით დაფინანსდა. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფისთვის 110 ათასი ლარი, ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვისთვის 25 ატასი ლარი, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა 30 ათასი ლარი, შშმ პირების სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია 40 ათასი ლარი, მოსახლეობის და სტუდენტების ტრანსპორტით მგზავრობისთვის 40 ათასი ლარი, ხოლო სამედიცინო დახმარების პროგრამებისთვის 300 ათასი ლარი.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტის განხილვისთვის 10 დღე აქვს. საკრებულომ მერიას ბიუჯეტი შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს უნდა დაუბრუნოს.

 

სხვა ახალი ამბები: