პრემიების გაცემის წესში ცვლილებების შეტანას ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

0

gamgeoba-636x395ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესის განსაზღვრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებს შორსი სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ გამოცხადებული შესვენებით განმუხტა.

ლაშა გოგიას განმარტებით, პრემიის წესის დადგენილებაში ცვლილების შეტანაა საჭირო, რადგან წინა სხდომაზე მიღებული დადგენილება მთავრობის დადგენილებას არ შეესაბამება. ახალი დადგენილების თანახმად, საჯარო მოხელემ პრემია შესაძლებელია არაუმეტეს 7-ჯერ მიიღოს.

კერძოდ, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები პრემიას მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მიიღებენ. პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, აღნიშნული წესის გათვალისწინებით, პრემია შესაძლებელია წელიწადში სამჯერაც გაიცეს.

ახალ დადგენილებას მხარი ოთხმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენია: კახა მიქაია, მამუკა წოწერია, ედიტა კოდუა და ზაზა ხუბუა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საკრებულოში კოალიცია “ქართული ოცნების” კვოტით არის გასული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ თვითმმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო, რაც მის ექსკლუზირ უფლება-მოსილებას წარმოადგენდა.

ცნობისთვის, წინა სხდომაზე დამტკიცებული პრემიის გაცემის წესის დადგენილება, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციით იქნა მირებული, ამოღებული იყო პრემიის კვარტალში ერთხელ და სადღესასწაულოდ გაცემის მუხლები.