ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

0

11073580_1116087708416860_1654854236_oქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გუშინ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

“2015 წლის 15 მარტს ქალაქ ზუგდიდში, “საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე მომხდარ ინიდენტთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: რომ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ასევე როგორც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, რომელიც შეიძლება თან ახლდეს პოლიტიკურ პროცესს. ვთვლი, რომ ნებისმიერი ემოცია და მოქმედება, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობას, უნდა იყოს მაქსიმალურად მოზომილი, კონტროლირებადი, მისაღები საზოგადოებისთვის და არ უნდა გაცდეს კორექტულობის, პოლიტიკური ეთიკის, აზრისა და პროტესტის გამოხატვის საყოველთაოდ მიღებულ დემოკრატიულ ნორმებს.

სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში მშვიდობიანი აქცია გაცდა ამ ფარგლებს და გადაიზარდა მწვავე ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გამოყენებულ იქნა ხელკეტები, ქვები და სხვა საგნები, რომლებიც აღმოაჩნდათ დაპირისპირებულ მხარეებს.

მე, როგორც ადგილობრივი არჩევითი ორგანოს წარმომადგენელი, ვერ ვიქნები გულგრილი და ვერ დავაკვირდები მოვლენებს შორიდან მაშინ, როდესაც ერთის მხრივ ვარ იმ ადამიანების თანამოაზრე, რომლებიც მშვიდობიანი აქციით აპროტესტებდნენ ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივ მმართველობას და მის შედეგებს საქართველოში, მეორეს მხრივ კი ვთვლი ჩემს ვალდებულებად, მივიდე და ვიყო შემთხვევის ადგილზე ყველგან, სადაც ათეულობით ჩემი თანაქალაქელი და თანამოაზრე იმყოფება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთე ყველაფერი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული როგორც აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირება, ასევე მისი შემდგომი ესკალაცია.

ვიმედოვნებ, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ჩატარდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და დადგინდება, ვის, რატომ და რისთვის დასჭირდა პროვოცირება ფიზიკური ძალადობისა, რასაც რამოდენიმე ადამიანის ფიზიკური ზიანი მოყვა.

ასევე ვიმედოვნებ, რომ შემდგომში პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები გამოიჩენენ მეტ სიფრთხილეს, წინდახედულობას და იქნება ყველა ზომა მიღებული, რათა არ დავუშვათ მსგავსი პროვოკაციული ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპირველეს ყოვლისა აზიანებს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” და დღეს მოქმედი მმართველი ხელისუფლების რეპუტაციასა და იმიჯს”-ნათქვამია მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სხვა ახალი ამბები: