20 ტონა დიზელის საწვავი და 119. 622 ლარი – ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის თანამდებობრივი ხარჯები

0

ხელფასებისა და სახელფასო დანამატების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის გამგეობაში ყოფილ თანამდებობის პირებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ (გიზო) სართანია ლიდერობს. საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-ის მიერ წარმოებული კვლელვის თანახმად გიზო სართანიამ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხელფასისა და პრემიის სახით ჯამში  119. 622 ლარი აიღო.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დანამატის, პრემიის სახით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, გიზო სართანიამ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 34. 475 ათასი ლარი აიღო.

ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილის, გიზო სართანიას ყოველთვიური ხელფასი აღნიშნულ თანამდებობაზე 2000 ლარს შეადგენდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა ხელფასისა და პრემიის  გარდა სხვა დანამატებიც მოითხოვა. მაგალითად, იმ დღეების ანაზღაურება, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი ედიშერ თოლორაია დროებით, 2-3 დღით ტოვებდა ზუგდიდს და გამგებლის მოვალეობას გიზო სართანია ითავსებდა.

SMO NEWS-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ მასალებში ნათლად ჩანს, რომ გიზო სართანიამ გამგებლის მოვალეობის შეთავსებისთვის გამგეობას ანაზღაურება დამატებით მოსთხოვა 2015 წლის მარტის, მაისის, ოქტომბრისა და დეკემბრის თვეებში. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სართანიას მოთხოვნით გამგეობამ მას ფიქსირებულ ხელფასზე, 2000 ლარს 2015 წლის მარტის თვეში დაუმატა 504 ლარი, მაისის თვეში 171 ლარი, ოქტომბრის თვეში 154 ლარი, ხოლო დეკემბრის თვეში 141 ლარი.

გიზო სართანიამ ამავე წლის (2015 წელი) დეკემბრის თვეში ხელფასთან ერთად (2000 ლარი) აიღო მისივე მოთხოვნით დანამატი 141 ლარი და ამავე თვის პრემიალური დანამატიც რომელიც ასევე 2000 ლარს შეადგენდა. გიზო სართანიამ 2015 წლის ახალი წლის დადგომა საერთო ჯამში 4141 ლარით აღნიშნა.

მსგავსი სურათია სხვა წლების მონაცემებშიც. გიზო სართანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან პრემიასთან ერთად მუდმივად ითხოვდა იმ დანამატსაც, რომელიც თვეში ერთხელ 2-3 დღით ან ერთი კვირით ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შესრულებას აკისრებდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი თავიდან (2013 წელი) 1300 ლარის ოდენობით განისაზღვრა. გიზო სართანიამ 2013 წლის იანვრის თვეში ფიქსირებული 1300 ლარი აიღო, თუმცა მოგვიანებით მისი ხელფასი თვიდან თვემდე იცვლებოდა.

მაგალითად, 2013 წლის თებერვალში გიზო სართანიამ ნაცვლად ფიქსირებული 1300 ლარისა აიღო 2013 ლარი, მარტში- 1697 ლარი. აპრილსა და მაისში სართანია ისევ ფიქსირებულ 1300 ლარს უბრუნდება, ხოლო შემდეგ თვეებში ისევ იმატებს. მაგალითად, 2013 წლის ივნისის თვეში გიზო სართანიამ ნაცვლად 1300 ლარისა ხელფასის სახით 3000 ლარამდე აიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა და გაურკვეველი დანამატებისა, პარალელურად იღებს პრემიებსაც. 2013 წლის მანძილზე გიზო სართანიამ პრემია ექვსჯერ აიღო, რომელმაც ჯამში 6875 ლარი შეადგინა.

გარდა ხელფასისა და პრემიისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 20 ტონამდე დიზელის საწვავი დახარჯა. SMO NEWS-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ გიზო სართანიამ 2013 წელს 4526 ლიტრი დიზელის საწვავი დახარჯა, 2014 წელს – 4282 ლიტრი, 2015 წელს-5136 ლიტრი, ხოლო 2016 წელს-5314 ლიტრი დიზელის საწვავი.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დიზელის საწვავი წინასწარ განსაზღვრული ლიმიტით უნდა დაეხარჯა, რომელიც 2013-2014 წლებში, თითოეულ თვეზე 200 ლიტრი იყო, ხოლო 2015-2016 წლებში ლიმიტი გაორმაგდა და თვეში 400 ლიტრს შეადგენდა.

მიუხედავად ამისა ზუგდიდის გამგებლის მოადგილე საწვავის წინასწარ განსაზღვრულ ლიმიტს ხშირად ამეტებდა. 200 ლიტრი საწვავი გიზო სართანიასთვის საკმარისი მხოლოდ 2013 წლის იანვარში აღმოჩნდა. დანარჩენ თვეებში ის საშუალოდ 300-დან 400 ლიტრამდე საწვავს ხარჯავდა. საწვავის ხარჯვის მაღალ ნიშნულს 2013 წლის სექტემბერში მიაღწია. სწორედ ამ თვეს გამგებლის მოადგილემ ნაცვლად 200 ლიტრი დიზელისა 647 ლიტრი დახარჯა. საწვავის ხარჯვის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში. გიზო სართანიამ სწორედ ამ თვეს ნაცვლად 400 ლიტრი დიზელისა ორჯერ მეტი, 800 ლიტრი საწვავი დახარჯა.

გურგენ (გიზო) სართანიას მიერ აღებული ხელფასი და პრემიალური დანამატი წლების მიხედვით (სქრინშოთი):

გურგენ (გიზო) სართანიას მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობრივი ჯამი 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით:

 

ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS თემის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

 

სხვა ახალი ამბები: