22 მარტს პაციენტისა და ექიმის დღე აღინიშნება

0
22 მარტს, თბილისში პაციენტისა და ექიმის დღე პირველად ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, დილიდან რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყობა, რომლებიც პაციენტის უფლებების შესახებ ბუკლეტებს დაარიგებენ. ასევე დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას – რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ სამედიცინო სერვისების მიღებისასდ მისი უფლებები არ დაირღვეს, ასევე რა გზები არსებობს ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის.
როგორც პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის წარმომადგენლები აცხადებენ, საინფორმაციო კამპანიის შემდეგ პაციენტისა და ექიმის დღის ოფიციალური ნაწილი დაიწყება.
„სასტუმრო „რუმსში“ დაგეგმილ ღონისძიებაზე შეჯამდება პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის 2016-2017 წლის პროექტის მიღწევები, რეგიონული შეხვედრების ანალიზი, მთავარი პრობლემები სოფლების მოსახლეობაში. კონფერენცია იმართება „პაციენტისა და ექიმის დღის“ აღნიშვნის ფარგლებში. ეს ღონისძიება წელს პირველად ტარდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. ასევე შეჯამდება პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის 3 წლიანი მუშაობაც და გაკეთდება ანალიზი, რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა პაციენტის უფლებების დაცვის კუთხით და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი იქნება პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტების ანგარიში“,- აცხადებენ „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის წარმომადგენლები.
პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება გასული წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგზე. „2016 წელს ქვეყნის 5 რეგიონის 10 ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობისგან, არასამთავრობო სექტორისგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების თანამშრომლებისგან შემდგარ ჯგუფებში გაიმართა. საჯარო სექტორის წარმომადგლენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რასაც მოქალაქეებთან ურთიერთობისას გამოიყენებენ.
2016 წელს რეგიონების სკოლებშიც გაიმართა პაციენტის უფლებების შესახებ სემინარები. ათობით მოსწავლისგან და პედაგოგებისგან შემდგარ ჯგუფებში ჩატარდა პრეზენტაციები და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რა უნდა იცოდნენ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა, რათა სამედიცინო სერვისების მიღებისას მათი უფლებები იყოს დაცული. შეხვედრების შემდეგ, დამსწრე ახალგაზრდების მონაწილეობით რეგიონებში ეწყობოდა საინფორმაციო მსვლელობები ქალაქების ქუჩებში. ახალგაზრდები ცხელი ხაზის მაისურებით მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ“,- აღნიშნეს პაციენტის უფლებების ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, წელს სამედიცინო დაწესებულებების შეფასების ახალი სისტემა დაინერგა, რათა პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები გამოევლინათ.
“წელს პირველად სრულიად ახალი შეფასების სიტემა დაინერგა – გამოვლინდა პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები. შეფასების სისტემაში ჩაერთო ქვეყნის 5 რეგიონის 20-მდე კლინიკა. საბოლოო ეტაპისთვის შერეულია 9 კლინიკა, რომელთა წარმომადგენლებსაც შესაბამისი სიგელები საზეიმო ვითარებაში 22 მარტს გადაეცემათ“,- განაცხადეს ორგანიზატორებმა.
„პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ პროექტი უკვე მესამე წელია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: