“ნაბიჯი ზუგდიდი” საქველმოქმედო აქციას გამართავს

0

მიმდინარე წლის მართში იგეგმება ორგანიზაცია “ნაბიჯი ზუგდიდის” მიერ ორგანიზებული აქცია კონცერტი თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მაია ცნობილაძის განცხადებით აქციის ფარგლებში მოეწყობა ცნობილი ადამიანების პირადი ნივთების (სამახსოვრო წარწერით და ავტოგრაფით) აუქციონის წესით გაყიდვა.

“იმედი გვაქვს, რომ ამ აქციით თავს მოვუყრით “დღის ცენტრის” სარემონტო თანხის მცირე ნაწილს მაინც, რათა შესაძლებელი გახდეს ფართის ნაწილობრივი გარემონტება და “დღის ცენტრის” დროულად ამუშავება.

რაიონის ხელმძღვანელობამ, მემორანდუმის საფუძველზე, გადმოგვცა ფართი ზუგდიდის რაიონში, კერძოდ ზედაეწერში. ეს არის სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა, რომლის მეორე სართულზეც განთავსებულია კოლეჯი, ხოლო პირველ სართულზე ვგეგმავთ დღის ცენტრის მოწყობას. სამწუხაროდ, შენობის იმ ნაწილში, სადაც დღის ცენტის ამუშავება იგეგმება, წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები და ამ ეტაპზე არ არის დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ელემენტარული პირობებიც კი. ამჟამად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოვიძიოთ შენობის ადაპტაციისა და რემონტისთვის აუცილებელი სახსრები . სამწუხაროდ, ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, მშობლები უარს ამბობენ ატარონ ბავშვები დღის ცენტრში, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რადგანაც არ გვაქვს არათუ ადაპტირებული, არამედ ჩვეულებრივი საპირფარეშო და გათბობაც კი, ჩამოცვენილია ბათქაში, მორღვეულია ფანჯრები, ჩავარდნილია იატაკი და ა.შ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ”-აცხადებს მაია ცნობილაძე.

ცნობისათვის, ორგანიზაცია “ნაბიჯი ზუგდიდი” წელიწად ნახევრის წინ დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ზუგდიდსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საჭიროებებზე და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციის მესვეურებმა გადავწყვიტეს “დღის ცენტრის” გახსნა.