ედიშერ თოლორაია: “ზუგდიდში უსახლკაროდ არც ერთი ოჯახი არ დარჩება”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე სახლების მშენებლობის სამუშაოს დეტალებზე და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

მიმდინარე წელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების 115 განაცხადი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 70– ით ნაკლებია. კომისიის წევრები დაიყვნენ ჯგუფებად და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გადანაწილდებიან. ასევე განიხილეს ის ეტაპები, რაც ტენდერში გამარჯვებულმა და შემდგომში შემსრულებელმა კომპანიამ უნდა გაიაროს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ კომისიის წევრებს ზედმიწევნით მუშაობისა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

“ჩვენ გვაქვს წინა წლის გამოცდილება, ვიცით რა გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, აქედან გამომდინარე ყველა წვრილმანი უნდა იქნეს ზედმიწევნით გათვლილი და დეტალურად გაწერილი რათა, შემდგომი პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს შევუქმნათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და მჯერა რომ, ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ არც ერთი ოჯახი არ დარჩება”, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

ამავე სხდომაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის დაიხარჯება.