3 წელიწადში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულება 155 მილიონს აღემატება

0

51234“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო”-ს ინფორმაციით 2004 – 2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო. ” 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ ასევე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. ინფორმაციის დამუშავების პროცესში რამდენიმე საეჭვო შემთხვევაც გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის “სურვილი” სახელმწიფო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მონაცემებში. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფიზიკურმა პირმა კურორტ “საირმეში” 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს “სნაიპერმა” 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი “იერიხო” აჩუქა სახელმწიფოს.
დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა რომ, ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს. მათ შორის ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა. 2006 წელს კომპანია “მათე მოტორსმა” 66 497 ლარის ღირებულების “ტოიტა პრადო” გადასცა სახელმწიფოს.
ამავე პერიოდში შპს “გოგირდის აბანომ” 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება – 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა #28-ში მდებარე შენობა საერთო ფართით 412 კვ.მ და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
2006 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ქონებაში ფიგურირებს რიყის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ჩუქების ფაქტებიც. ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებას სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც ჩუქნიდნენ.
შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს “ნატვრის ხემ” კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.
2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
“გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასიური გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს მიმართოს ჩვენს სამართლებრივი დახმარების ცენტრს და გაიაროს შესაბამისი კონსულტაციები”

სხვა ახალი ამბები: