ზუგდიდის ვიცე-მერი ნუგზარ წიკლაურისგან პარლამენტის ტრიბუნიდან ბოდიშის მოხდას ითხოვს

0

ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ წიკლაურს მის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე განცხადებითვე უპასუხა. გია გულორდავა აცხადებს, რომ უსაფუძვლო და სიმართლეს მოკლებულია ის ფაქტი, რომ თითქოს მის კუთვნილ სახლში ქალაქ ზუგდიდში ტროტუარების მოპირკეთებაზე მომუშავე მუშებს ამუშავებდა. “ეს წმინდა წყლის სიცრუე და ბრალდება ჩემთვის, როგორც პიროვნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირისთვის ღირსების შემლახავი და შეურაცმყოფელია”-აცხადებს ზუგდიდის ვიცე-მერი

“პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადებაზე, რომ მე, ვიცე-მერი გია გულორდავა იმ მუშებს, რომლებიც ქალაქ ზუგდიდის ტროტუარების ბეტონის ფილებით მოპირკეთებაზე მუშაობდნენ, თითქოს მე მათ პარალელურად ჩემს სახლში ვამუშავებდი.

მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს მუშები ერთი დღე ტროტუარების მოწყობაზე მუშაობდნენ, ხოლო ერთი დღე ჩემს ეზოში. ამის გარკვევა სამართალდამცავი ორგანოების საქმეა და მე, რა თმა უნდა, მზად ვარ მათთან თანამშრომლობისათვის.

მივმართე პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტს და მოვითხოვე, რომ პარლამენტარ ნ. წიკლაურს ცილისწამებისათვის ბოდიში მოეხადა. კომიტეტისგან მივიღე პასუხი, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და ისინი ვერ მიუთითებენ პარლამენტარს მის ქმედებებზე. მათ მირჩიეს სასამართლოსთვის მიმემართა.

გამომდინარე აქედან, იძულებული ვარ მივმართო პირადად წიკლაურს:- ვხვდები, რომ თქვენ ეს განცხადება ვიღაცის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ. მოგმართვთ, საკითხის შესწავლის მიზნით, პირადად ჩამობრძანდეთ ზუგდიდში.კაერკვეთ სიმართლეში და როცა მას დაადგენთ, ბოდიში მომიხადოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა მხოლოდ ვაჟკაც, ღირსეულ ადამიანებს შეუძლია. მე არ ვიცი, თქვენი დღვანდელი მორალური და ზნეობრივი მდგომარეობა მოგცემთ თუ არა ამის საშუალებას, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები და ახლობლები ,,ბოცოს“ გეძახიან. და თუ ისევ ძველი ბოცო ხართ და არა ნაბოცვარი, მაშინ ალბათ თქვენი ღირსების შესაბამისად მოიქცევით. მე არ ვიმუქრები. უბრალოდ, ყველას უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ისე, რომ არ გვეშინოდეს, ვინმე სადმე არ გადაგვეყაროს და შესაბამისი პასუხი არ მივიღოთ ჩადენილი ქმედებებისათვის”,- ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.