სენაკში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა, ადგილობრივმა საზოგადოებამ 9 აპრილის სახელობის სკვერში გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

9 აპრილს მიეძღვნა სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,ცრემლით დალოცვით’’, რომელშიც ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის – ,,ფიროსმანის’’ წევრები და სენაკის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დამდგმელი რეჟისორი – ვეფხვია გორგოძე. წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური აქციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა იყო. ტრაგედიიდან 2 წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.