320 დევნილი ოჯახი ზუგდიდში ახალი ბინის მესაკუთრე გახდა (ვიდეო)

0

10495342_647347102065147_702902404061809448_oზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა. კორპუსების აშენების შედეგად, ზუგდიდში, 8 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრები 104 დევნილი ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სახლებში იცხოვრებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ეგრეთ წოდებულ „სამზარეულოსა“ და „გარაჟის“ ჩასახლებაში მცხოვრებ 14 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებიც, დღეს, ნგრევადი ობიექტებიდან ახალ ბინებში გადავიდნენ.

ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ამიტომ მათი ნივთების ტრასპორტირებას სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფენ. გუშინ, ახალ კორპუსებში „აბასთუმნის“ ჩასახლებიდან 17 ოჯახი იქნა გადაყვანილი. დევნილი ოჯახების შესახლება ეტაპობრივად მოხდება.

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“, ბინა 320 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები.

320 ბინიდან 40 – ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 – სამოთახიანი. საცხოვრებელი კორპუსები და გარე ინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები და სანაგვე ურნები.