ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

0
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ სუს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

„სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, – განაცხადეს სუს-ში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: