ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

0

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის და ახალი მუზეუმის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა. ამ უნიკალური კომპლექსის სრული რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის მიხედვით უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ისტორიულ ციხე-ქალაქის რეაბილიტაციაზე ფიზიკური სამუშაოების დაწყება.

მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ობიექტების რესტავრაცია, ადაპტაცია დაკონსერვაცია, რომელიც გაგრძელდება 2019 წლამდე.
სამუშაოები მოიცავს შემდეგ ნაგებობებს:
• ნაქალაქარის ქვედაგალავანს;
• დარბაზულ ეკლესიას ;
• დადიანების სასახლეს;
• სამოქალაქო აბანოსა და ციხის გარნიზონის საცხოვრებელს;
• ორმოცმოწამეთა სახელობის ეკლესიას;
• კოშკს-სამრეკლოს;
• ეგრისის მეფეთა პირველსასახლეს;
• ეგრისის მეფეთა მეორე სასახლეს;
• გვირაბს მდინარე ტეხურზე;
• სამნავიან ბაზილიკას;
• რკინის ხიდს მდინარეტეხურზე;
• კომპლექსის ზედა ნაწილის გაწმენდით სანიტარულ სამუშაოებს.

აღნიშნული სამუშაოები შესაძლებლობას მოგვცემს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად მომზადდეს შესაბამისი ნომინაცია. ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო რეაბილიტაცია, ასევე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას.

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მისი სახით საქართველოს ტურიზმის რუკაზე მსოფლიო მნიშვნელობის რეაბილიტირებული ძეგლი გაჩნდება.