ლაშა ფარცვანია – ნდობას მმართველი პარტიის მაჟორიტარობის და გამგებლობის კანდიდატებს ვუცხადებ

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარცვანია არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდის მხარდასაჭერ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფარცვანიას განცხადებით, ვერ იქნება იმ პარტიის და მისი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერი, რომელსაც  არც თუ ისე შორეულ წარსულში ებრძოდა. ლაშა ფარცვანიას მიერ რამდემე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტი მეორე ტურის წინ საზოგადოებისთვის საინტერესოა თუ საით წავა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა. ამ დღეების განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ თუ ლიდერმა ღიად დააფიქსირა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ამ თემაზე მკაფიო და ნათელი განცხადება სწორედ დღეს უნდა გავაკეთო.

ბევრისთვის ალბათ მოულოდნელი და არც გასაკვირი იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას და ნდობას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის და გამგებლობის კანდიდატებს გამოვუცხადებ. ვფიქრობ, გადაწყვეტილების სისწორეში ბევრი დამეთანხმება, რადგან, მე პირადად ვერ ვიქნები იმ პარტიის და მისი კანდიდატების მხარდამჭერი, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში გვებრძოდა ყველა აკრძალული საშუალებით და ფორმით.

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც  2012 წელს გავლენების შესანარჩუნებლად ღიად მიდიოდა ძალადობაზე, მუქარაზე, დაშინებაზე, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაზე, საბედნიეროდ დამარცხდა და პოლიტიკური მონსტრის დამარცხებაში დიდია თითოეული ჩვენგანის როლი. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ გამარჯვებას უფრო მეტად სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალადობის და უხეში დამოკიდებულების პრეცედენტის გამეორება არ დავუშვათ!”,-ნათქვამია ლაშა ფარცვანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: