საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა

0
img_newsსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რიგ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა.
ღარიბაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს შეეხო.
გაიმართა ასევე შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან.  ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ჩატარდა ასევე შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან.
დღის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ელჩინ გულიევს შეხვდა. მხარეებმა საზღვრის დაცვის კუთხით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად “საპატიო დაკრძალვათა ხეივანი” მოინახულა. ქართველმა მინისტრმა  აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.
“საპატიო დაკრძალვათა ხეივნის” შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი  “შეჰიდების ხეივნისკენ” გაემართა, სადაც “მარადიული ცეცხლის” მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 20 მაისს დაიწყო და  22 მაისს დასრულდება.

 

სხვა ახალი ამბები: