ფოთში “რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი – 2017” გაიხსნა

0

ქალაქ ფოთში „ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა,რომელსაც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალი სოხუმის თეატრის პრემიერით გაიხსნა. დასმა ფოთის თეატრის მსახიობ ჯანო იზორიასთან ერთად ხანოს ლევინის ,,იაკიში და პუპჩე“ წარადგინა. სპექტაკლის რეჟისორი დავით საყვარელიძეა.

ფესტივალი ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ათი დღის მანძილზე გაიმართება. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები და უცხოეთიდან მოწვეული ხუთი დასი მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში 24 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში ვორქ-შოპები და მასტერკლასები გაიმართება. ასევე ჩატარდება საერთაშორისო თეატრალური სემინარი, სახელწოდებით ,,თეატრის მართვა და თანამედროვეობა“.

იტალიელი რეჟისორი კლაუდიო დი მაგილიო რეგიონული თეატრებიდან შეარჩევს ჯგუფს და დადგამს სპეციალურ პერფორმანსს, რომლითაც ფესტივალი დაიხურება. ასევე თეტრმცოდნეების მიერ დასახელდება გამარჯვებული სპექტაკლი, რომელიც ფულად ჯილდოს მიიღებს.
ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი მესამედ ტარდება. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებით იმართება.

სხვა ახალი ამბები: