ყარამანიშვილებმა ტელეკომპანია „მზე“ გაყიდეს

0

get_imgგიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა, რომლებიც ტელეკომპანია „მზის“ 40 და 50 პროცენტს ფლობდნენ, საკუთარი წილი „პირველი სტერეოს“ გენერალურ დირექტორს ზვიად ამირიძეს მიჰყიდეს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 ივნისს გაფორმდა. დოკუმენტების თანახმად, ნასყიდობის ფასი კონფიდენციალურია.

დანარჩენი 10 პროცენტი გიორგი გეგეშიძეს დარჩა. გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 90 პროცენტს ფლობენ.

ლევან ყარამანიშვილი ქართულ მედია ბიზნესში 2011 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მაუწყებლის ფლობა ოფშორულ ზონაში რეფისტრირებულ კომპანიებს აეკრძალათ. მაშინ მან ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „მზის“ 90 პროცენტი შეიძინა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი მან ამ მაუწყებლების 40 პროცენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილ კომპანიას მიყიდეს, რომელმაც 5 დღეში იგივე წილები – „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი ნახევარ მილიონ დოლარად,  „მზის“ 40 პროცენტი კი 250 ათას დოლარად გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ლევან ყარამანიშვილი საკომუნიკაციო კომპანია “მობიტელის” (ბილაინი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ყარამანიშვილები პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან.

ზვიად ამირიძე მარშალის კუნძულებზე შექმნილ ოფშორულ ზონაში რეგიტრირებული კომპანიის, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელია საქართველოში. ამ კომპანიის პარტნიორია პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი, რაც მან 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“. ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილება შევიდოდა და ოფშორულ კომპანიებს მაუწყებლების ფლობა აეკრძალებოდათ, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  სამი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „პირველი სტერეოს“ მესაკუთრე იყო.

ამჟამად „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“  გარდა ფლობს შემდეგ კომპანიებს – შპს „პოლიპლასტიკი“, შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქ“, რომელიც ამავე სახელწოდების გაზეთს გამოსცემს. აგრეთვე  შპს „ტექნონეტი“,  შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგი“, შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი“ (კვლევითი კომპანია IPM)

media.ge

სხვა ახალი ამბები: