5 წელიწადში 1700-ზე მეტი მსხვილი პროექტი – სამეგრელო განვითარებას განაგრძობს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით სამეგრელოს რეგიონში დღემდე 1700-ზე მეტი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვნად მხარის გუბერნატორი წყალანირების და ცენტრალიზებული წყლის სისტემის პროექტს მიიჩნევს, რომელიც მთლიანობაში 170 მილიონი ლარი დაჯდება.

“სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელდა 1 700-ზე მეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურის მოწყობაა, გზების და კომუნიკაციების გაყვანა. სადაც გზა, წყალი და გაზი არ არის იქ არ შევა ინვესტორი. ამიტომაც ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტებს.

წარმოიდგენდით, რომ ზუგდიდს არ ჰქონდა აქამდე ცენტრალიზებული წყლის სისტემა? ახლა ვახორციელებთ წყლის და წყალარინების პროექტს რომლის ბიუჯეტიც 170 მილიონ ლარამდეა, იგივე პრობლემა გვქონდა ფოთშიც. მნიშვნელოვან პროექტებში ასევე გამოვყოფ თეთნულდის სამთო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნენსკრა ჰესის პროექტს, სადაც ინვესტორი 1 მილიარდ დოლარის ინვესტიციას დებს”,-აღნიშნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი

ლევან შონია ჟურნალ “ანაკლიისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ სხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებზეც საუბრობს

“უმნიშვნელოვანესია მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტი, რომლის პირველი ეტაპიც შარშან დავასრულეთ და გრძელდება. ძალიან მახარებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროექტი, რომელიც ახალი სიცოცხლე იქნება ამ  ისტორიული ბაღისთვის, რომლისთვისაც ათეული წლებია არავის მიუხედავს. აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია. ამ სივრცეს შეავსებს განახლებული ნიკოსეული სასახლე რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.

მეორე პრობლემა რომელიც ქალაქს აწუხებს ესაა თეატრი, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა მშენებლობის ნებართვას ხელი უკვე მოეწერა და ჩვენ ძალიან მალე გვექნება სრულიად განახლებული შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვის ფონდი ქართუ 20 მილიონამდე ლარს ხარჯავს. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი.

„ქართუს“ დახმარებით ისტორიულ თეატრს ვარემონტებთ სენაკშიც. სენაკში ასევე ხდება ნოქალაქევის რესტავრაცია, რომელიც მართლაც უზარმაზარი პროექტია”,-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.