8 თვის ლიზი შონია ვირუსული დაავადებისგან და შიმშილისგან ექიმებმა იხსნეს

0

pediatria2დაბა ჯვარის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან 8 თვის ლიზი შონია მძიმე მდგომარეობით მოათავსა. როგორც მისმა მკურნალმა ქეთევან ბერიშვილმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან განაცხადა ბავშვის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

“ბავშვი მართლა მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა ვირუსული რესპერატორული დაავადება და მაღალი სიცხე. ამას ემატებოდა ისიც, რომ ბავშვი ოჯახში ფაქტიურად შიმშილობდა რადგანაც დედას არ ჰქონდა არაფერი გარდა ნახევარი კილოგრამი შაქრისა და ანადუღარი წყლისა. ასე გაძლებს რვა თვის ჩვილი,თან ავადმყოფი? 8 თვის ბავშვი 4 კილოგრამს იწონიდა.”-აცხადებს საავადმყოფოს პედიატრი ქეთევან ბერიშვილი.

ქეთევან ბერიშვილი საავადმყოფოში ოპედიატრობასთან ერთად სოფელ ფახულანში უბნის ექიმობასაც ითავსებს. მან კარგად იცის შონიების ოჯახის შესაძლებლობა და smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფო მათ როგორც უმწეოებს ყოველთვიურად ეხმარება.

“დახმარება ამ ოჯახს ნამდვილად აქვს, თუმცა ამ ოჯახის უფროსს სმა უყვარს და ყველა თანხას, რომელსაც ოჯახი იღებს სასმელში ხარჯავს, ოჯჯახს კი მშიერს ტოვებს. საავადმყოფოში პატარა ლიზი ორი თვის წინათაც იმყოფებოდა. მაშინაც ყველაფრით დავეხმარეთ რაც შეგვეძლო, საჭმლებით, პამპერსებით, მაგრამ მათი ოჯახური მდგომარეობა მაინც უცვლელია. ლიზის გარდა ამ ოჯახში სამი მცირეწლოვანი იზრდება. ვინმემ უშველოს ამ ოჯახს”-აცხადებს ქეთევან ბერიშვილი.

ჯვარის საავადმყოფოს მთავარი ექიმის სოსო ფიფიას განცხადებით 8 თვის ლიზი შონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. მთავარი ექიმის განცხადებით ერთი კვირის წინ საავადმყოფოში შემოსულ პატარა პაციენტს ხვალ გაწერენ.

სხვა ახალი ამბები: