80 წლის მარტოხელა ზუგდიდში პირის ამოკერვით იმუქრება

0

bebiaaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრები, 80 წლის  მარტოხელა მოხუცი პირის ამოკერვითა და ზუგდიდის სოციალური სააგენტოს შენობის წინ შიმშილობის აქციით იმუქრება. ლილი კერზაიას ქმარი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. მარტოხელა მოხუცი უკვე წლებია სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებასა და დახმარების მიღებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

“ახლახან კიდევ ვიყავი სააგენტოს ხელმძღვანელთან, ბესო თოდუასთან. ფეხები ჰქონდა შემოწყობილი მაგიდაზე. ყოველთვის შენ გაქვს პრობლემაო მითხრა. დაურეკა დარჩელის გამგებელ დათო ბიგვავას და სთხოვა, რომ მოეცა ჩემთვის უმწეოს საბუთი. ოთახში დავდივარ ორი ჯოხით, ვერ მივედი გამგეობაში და გავაგზავნე ჩემი და. მარცხენა თირკმელი და საშვილოსნო მაქვს ამოჭრილი. ხერხემალი მაქვს დაზიანებული და ორი ჯოხით დავდივარ. 2006 წელს მივიღეთ ერთადერთხელ 54 ლარი. მერე მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, არც სახელი მითხრა, არც ვინაობა, გამომართვა სოციალურად დაუცველის საბუთი და მითხრა _ ეს რამხელა სახლი გქონიათო. დახმარებას ვეღარ ნახავ, სანამ სული გიდგიაო“-აცხადებს მარტოხელა ქალბატონი.

80 წლის ლილი კერზაია ზუგდიდის სოციალური სააგენტოს შენობის წინ შიმშილობის გამოცხადებითა და პირის ამოკერვით იმუქრება.

“რა ვქნა, სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. ამქვეყნად სამართალი არ არის. ზუგდიდს ისევ ნაციონალები მართავენ და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მაშინ იყო. პირს ამოვიკერავ და სოციალური სააგენტოს შენობის წინ შიმშილობას გამოვაცხადებ. იქ მოვკვდები და მთელ მსოფლიოს გავაგებინებ თუ რა ხდება ზუგდიდში”-აცხადებს ლილი კერზაია.

ლილი კერზაიას განცხადებით შიმშილობის აქციის შესახებ სოციალური სააგენტოს უფროსს ბესიკ თოდუასაც აცნობა, რომელმაც ასეთი რამ უთხრა: “არ გრცხვენია, 30 ლარის გამო ამ ხნის ქალი რას ბოდავო“

ლილი კერზაია შიმშილობის აქციის გამართვას  მომავალი კვირიდან გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: