9 აპრილის გმირებს ჩხოროწყუში პატივი მიაგეს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირები და 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების” მოსწავლეების მონაწილეობით მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ჩატარდა.

ასევე, დღეს დაბის ცენტრში, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრთა ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა ხელოვანის, 9 აპრილის მონუმენტის ავტორის- დემურ ანთიას თაოსნობითა და ეროვნული მოძრაობის წევრების მხარდაჭერით, დაბის ცენტრში , 9 აპრილის მონუმენტის გვერდით დამონტაჟდა.

ღონისძიების დასრულების შემდგომ,მემორიალთან შეკრებილებმა 9 აპრილს მოწამლულ ზოია გრიგოლაიას საფლავთან გადაინაცვლეს, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა.

2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.