აბაშის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები თოვლისგან გაიწმინდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში 30 იანვარს მოსული თოვლის გამო მობილიზებულ იქნა სპეციალური ტექნიკა და გაიწმინდა საავტომობილო გზები – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, თოვლის საფარმა 30-40 სმ-ს მიაღწია, თუმცა მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ოპერატიულად განხორციელდა ცენტრალური გზის, ქალაქის შიდა ქუჩების და სოფლებთან დამაგავშირებელი გზების გაწმენდა. გაიწმინდა სოფლების: გეზათის, გულუხეთის, სამიქაოს, მაიდანის, ონტოფოს, პირველი მაისის, მარანის და ნაესაკოვოს საავტომობილო გზები.

სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ გზებზე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე იმყოფებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.

„წელს საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვაქვს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება, რათა ჩვენს მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და თავიდან იქნეს აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევები. პრობლემები არ გვაქვს ენერგომომარაგების კუთხითაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება“ – აცხადებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა კვიტაშვილი.

სხვა ახალი ამბები: