აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტი საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა ხორციელდება

0

ასოციაცია ,,სინერამა“-ს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე ხორციელდება პროექტი საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები. საყმაწვილო კონოსკოლა მიზნად ისახავს კინოხელოვნების განათლების ხელშეწყობას. ტარდება ლექციები კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და სიუჟეტის განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე, ბავშვები ეუფლებიან კინო-საოპერატორო ხელოვნებასა და კინოაპარატურის გაცნობა-მართვის უნარებს.

მოსწავლეები, თავიანთი შექმნილი სცენარის მიხედვით, ასოციაცია „სინერამას“ წარმომადგენლების: ზვიად დოლიძის (პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), გიორგი ფხაკაძის (თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე), გიორგი ხარებავას (კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ქეთევან ჯანელიძის (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), დავით გუჯაბიძისა (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) და ზურაბ ორთავიძის (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის რეჟისორი) დახმარებით 2 ანიმაციური და 2 მხატვრული ფილმის გადაღებებზე მუშაობენ.

სკოლას ეწვია და მოსწავლეებს მასტერკლასები ჩაუტარა თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა.

საზაფხულო კინოსკოლის საზეიმო დახურვა და მოსწავლეების გადაღებული ფილმების ჩვენება კულტურის ცენტრში 22 აგვისტოს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: