ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს გმირებს პატივი მიაგეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას ხსოვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ომში გმირულად დაღუპულების ოჯახის წევრებს.

“უკვე რვა წელიწადი შესრულდა. ყველა ქართველის გულში 8 აგვისტო გლოვის დღეა და ასე გაგრძელდება მარადჟამს. რუსეთ-საქართველოს ომმა ჩვენი ქვეყანა შავად შემოსა. ამ დღემ ბევრი უდანაშაულო ქართველი ვაჟკაცი და მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა. თითოეული ადამიანი საქართველოს მოუშუშებელი ტკივილია. ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი გმირების ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”-განაცხადა ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

“დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს ომმა მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა: ბევრმა დაკარგა ახლობელი, სახლი, სამსახური, შემოსავლის წყარო.

ომს საშინელი სახე აქვს! იგი აუცილებლად ტოვებს ღრმა ტკივილსა და მოუშუშებელ იარებს ადამიანების სულებში.

დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სამოქალაქო მშვიდობაზე, რადგან უკვე ყველამ კარგად შევიგრძენით მისი გემო. სწორედ ამიტომ დადგა დრო, როდესაც საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავიაზროთ – რა წვლილი შეიძლება შევიტანოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობის განმტკიცების საქმეში. მოდით, ყველამ ერთად და ერთხმად ვუთხრათ:
არა – ომს! კი – მშვიდობას!

რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ.

დღესვე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას ხსოვნას. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ომში გმირულად დაღუპული ოჯახის წევრებს.

სხვა ახალი ამბები: