აგებენ თუ არა პასუხს წალენჯიხის პარკის საკითხზე თანამდებობის პირები?! (მეოთხე ნაწილი)

0

540217_448547781822908_872162754_n1საინფორმაციო სააგენტო smo.ge განაგრძობს ჟურნალისტურ გამოძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისას აღმოჩენილ კანონ დარღვევებზე. გთავაზობთ ჟურნალისტური გამოძიების მეოთხე ნაწილს.

დოკუმენტი # 13 

უღტიერთშეთანხმების აქტი

ფორმალურ სამართლებრივი ასპექტები:

ამ დოკუმენტს გააჩნია იგივე ფორმალურ-სამართლებრივი პრობლემა, რაც ზემოთ დასახელებულ მიღება-ჩაბარების აქტს. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი ხელშეკრულების მხარეების მიერ და ვრცელდება იგივე არგუმენტაცია. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ მიღება-ჩაბარების აქტის განხილვისას პირველ ნაწილში განვითარებული მოსაზრება. ეს დოკუმენტი შედგენილია 2012 წლის 20 დეკემბერს და ამ მოსაზრებით ის ბათილია.

მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი

ურთიერთშეთანხმების აქტის დადება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. რამდენადაც ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 16 ნოემბერს, 24 საათზე, 2012 წლის 20 დეკემბერს დადებულ შეთანხმებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, რამდენადაც ეს ურთიერთშეთანხმების აქტი ეყრდნობა 2012 წლის 2 მაისის ხელშეკრულებას.

დოკუმენტი # 14 (დანართი # 11 ( 2012 წლის 2 მაისს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა)

ფორმალურ-სამართლებრივი ასპექტები:

ეს აქტი ასევე დადებულია წინამორბედი აქტების მსგავსად 2012 წლის 20 დეკემბერს, რომელიც 2012 წლის 2 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. წინა ორი დოკუმენტისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით უფლებამოსილი პირის მიერაა ხელმოწერილი. კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და შ.პ.ს “დაგის” წარმომადგენელთა შორის. ამ მიმართებით აქ პრობლემა არ არსებობს. განსხვავება შეგიძლიათ ნახოთ ამ დოკუმენტების ერთმანეთთან შედარებით.

ასევე წინამდებარე ხელშეკრულების მე-18-ე მუხლის  მეორე პუნქტის ბოლო წინადადება გარკვევით აცხადებს ხელშეკრულებაში შესათანი დამატების და ცვლილებების დამოკიდებულებას ძირითადი ხელშეკრულების იურიდიულ ძალაზე. რამდენადაც ამ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 16 ნოემბრის 24.00 საათზე ჰქონდა ამოწურული, 2012 წლის 20 დეკემბერს მასში შეტანილ ცვლილებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ასევე, ამ დოკუმენტის ბათილობას იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონისა და  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისი მუხლები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარისათვის ადგენენ  საკრებულოს თანხმობის ვალდებულებას ამ ტიპის  გარიგებების დადებისას.

მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტები

მხარეებს ცვლილება შეაქვთ ხელშეკრულების იმ მუხლში, სადაც ლაპარაკია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაზე, კერძოდ, 2012 წლის 31 ოქტომბერზე. საუბარია მეექვსე მუხლის პირველ პუნქტზე. ეს მუხლი ადგენს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესს. ამ ცვლილებით მხარეები ამ წესის პირველ ელემენტს სამუშაოს დასრულების დროს ცვლიან და ის გადააქვთ 2013 წლის 15 მაისამდე. თუმცა იმავე დღეს (2012 წლის 20 დეკემბერი) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში მხარეები აფიქსირებენ ცხადად და გარკვევით სამუშაოს დასრულების თარიღს 2012 წლის 15 ნოემბერს.

ამგვარად, შეიქმნა სამი თარიღი:

1. 2012 წლის 20 დეკემბერს დადებული მიღება-ჩაბარების აქტი

2. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოების საბოლოო დასრულების დღე 2012 წლის 15 ნოემბერი

3. დანართი # 11 (ესეც გაფორმებულია 20 დეკემბერს), რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის უკვე ძალადაკარგულ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა 2013 წლის 15 მაისში გადადის.

ზემოთ დასახელებული დოკუმენტების ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეები ცდილობენ სამუშაოს საბოლოო დასრულების ვადა ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჩასვან, თუმცა ამაოდ. ფიქტიური სამყაროს შექმნა რეალურ-ფაქტობრივ სამყაროსთან შეუთავსებელ წინააღმდეგობაში მოდის, საქმისადმი ქარაფშუტული დამომკიდებულების გამო.

ამ დომკუმენტებიდან გამომდინარე ნათელია ის გარემოება, რომ შ.პ.ს “დაგმა” ვერ შეასრულა სამუშაოები  ხელშეკრულებბის პირობების შესაბამისად. რა ლეგალური შესაძლებლობები ღცებოდა დეკემბრის დასაწყისში  არჩეულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას, 17 ნოემბრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საშუალებებით ზეწოლა მოწხდინა შ.პ.ს “დაგზე”?

მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, მოლოდ ერთი, მეშვიდე მუხლი, 16 დეკემბრამდე ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას. ეს მუხლი ადგენს დამატებითი ზემოქმედების საშუალებებს შ.პ.ს “დაგზე” შ.პ.ს “დაგზე” გაცემული  საბანკო გარანტიის რეალიზაციის შესაძლებლობას, რომლის გამოყენების უფლება არსებობდა მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. თუმცა ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით.

ნაცვლად ჯერ კიდევ მოქმედი ამ ერთეული მუხლის გამოყენებისა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია და შ.პ.ს “დაგი” ნაჩქარევად ღებულობენ ზემოთ განხილულ სამ დოკუმენტს, რომელთა ანალიზი გვიჩვენებს იმას, რომ ერთ დღეს ( 20 დეკემბერს) გამოცემული დოკუმენტები არსებითად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და არ გააჩნიათ იურიდიული ძალა გასაგებ მიზეზთა გამო.

ამ დოკუმენტის საშუალებით თვალსაჩინო ხდება ის გარემოებაც, რომ მხარეები არა ხარვეზების გადავადებს ახდენენ, არამედ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი აწუხებთ. მხოლოდ ხარვეზები რომ ყოფილიყო მათი ძირითადი თავის ტკივილი, მაშინ უფრო ლოგიკური (მაგრამ უკანონო) იქნებოდა ცვლილება შეეტანათ არა ხელშეკრულების 6.1 მუხლში, არამედ 6.3 მუხლში, სადაც საუბარია ხარვეზების აღმოფხვრის ვადებზე.

გარდა ამისა ამ ე.წ ცვლილებით უხეშად დაირღვასახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5-ე პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაუშვებელია ხელშეკრულების ამგვარი ცვლილება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვისუარესდება ხელშეკრულების პირობები. აქედან აშკარად ჩანს, რომ ამგვარი უკანონო ქმედებებით ხელშეკრულება ვერ შესრულდა ჯეროვნად და ჯერ კიდევ გამოსასწორებელია მრავალი ხარვეზი, რომელიც ხელშეკრულების ობიექტს, ცენტრალურ სკვერს გააჩნია.

დოკუმენტი #15

შ.პ.ს “დაგის წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას. (წერილი დათარიღებულია 2013 წლის 26 თებერვლით)

შ.პ.ს “დაგის” დირექტორი  ამ წერილით ითხოვს დარჩენილი თანხის საკუთარ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას და ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება პირნათლად შეასრულა. თუმცა თვით ეს წერილი მეტყველებს იმაზე, რომ მან ხელშეკრულება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარისა და მის მიერ შექმნილ ფიქტიურ სამყაროში შეასრულა და არა რეალურში. თუ რატომ, ეს ცალ-ცალკე ვარიანტებში განვიხილოთ.

თუ სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 15 ნოემბერს მაშინ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელებული უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულების 4.4 მუხლის შესაბამისად გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, 30 ნოემბრამდე საბოლოო ანგარიშსწორება უნდა დასრულებულიყო. გარდა ამისა სამუშაოების საბოლოო დასრულების აქტის გაფორმებას წინ უძღვის ხარვეზების გამოსწორება.

ხელშეკრულებაში 2012 წლის 20 დეკემბერს შეტანილი ე.წ ცვლილებებით სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადად მითითებულია 2013 წლის 15 მაისი. ეჭვს იწვევს ის, რომ 2013 წლის 26 თებერვლის წერილში შ.პ.ს “დაგი” ამტიცებს, რომ მან ხელშეკრულება შეასრულა.

დოკუმენტი #16

გარდა ამისა ე.წ მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ 2013 წლის 20 მარტამდე შ.პ.ს “დაგის” ანგარიშზე გადაირიცხა 269. 967 ლარი და ამ დროისთვის #2 ფორმის მიხედვით შეადგენს 820. 414 ლარს ანუ შ.პ.ს “დაგის” მიერ სესრულებული სამუშაოების ღირებულებას. აქვე წარმოგიდგენთ საგადასახადო ანგარიშფაქტურას სადაც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით შ.პ.ს “დაგის” ანგარიშზე გადარიცხულია 491.967 ლარი, ხოლო ნოემბრამდე 328.446 ლარი.

დოკუმენტი # 17

ინსპექტირების ჯგუფის აქტი # 1/1 2013 წლის 29 მარტი.

2013 წლის 29 მარტს ინსპექტირების ჯგუფი ადგენს ახალ აქტს სადსაც ნათქვამია, რომ გარკვეული ხარვეზები გამოსწორებული არ არის და შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოები არ უწარმოებია ამ მიმართულებით, მაშინ რატომ აღმოჩნდა უკვე შ.პ.ს “დაგის” ანგარიშზე 2013 წლის 20 მარტს მის მიერ მოთხოვნილი სრული თანხა 820. 414 ლარის ოდენობით?

გარდა ამისა ამ დოკუმენტზე თანამდებობის პირების მიერ  გაკეთებული რეზოლუციებით და განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ შ.პ.ს “დაგს” გადაერიცხაშესრულებული სამუშაოების ღირებულება 50.000 ლარის ოდენობით (2013 წლის 3 აპრილს)

დოკუმენტი #18

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას მიერ მიწერილი წერილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ((2013 წლის 25 მარტი)

ამ წერილში ხდება შ.პ.ს “დაგის” მიერ ხელშეკრულების დარღვევის რელატივირება და გამოთქმულია მოსაზრება, რომ შ.პ.ს “დაგმა” მხოლოდ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები დაგვიანებით წარმოადგინა. აქედან ნათლად ჩანს, რომ გამგებელი გოგა გულორდავა კარგად არ არის გარკვეული შექმნილ ვითარებაში ან ცდილობს შ.პ.ს “დაგის”  მიერ ხელშეკრულების დარღვევის მიჩქმალვას. შუალედური დაფინანსება თუ ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე. შ.პ.ს “დაგს” მის ანგარიშზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად 09.11. 2012 წლის  მონაცემებით მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩარიცხული ჰქონდა შემდეგი ტრანშები: 271. 969 + 56. 477 +142. 000 +470. 446 ლარი.

აქედან გამომდინარე ლოგიკური აუცილებლობით მივდივართ შემდეგ დასკვნამდე: შ.პ.ს “დაგს”2012 წელს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 470.446 ლარის ფაქტობრივი სამუშაოები. ანუ დაგვიანებით კი არ მიაწოდა  დოკუმენტაცია, არამედ არ ჰქონდა 2012 წლის 31 ოქტომბერს 820. 414 ლარის ღირებულების სამუშაოები წარმოებული. ყოველივე ეს უფრო ცხადი და ნათელი იქნებოდა, რომ არსებობდეს ხელშეკრულების 4.3 მუხლის შესაბამისად ეტაპობრივი ანგარიშსწორებების განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტაცია.

დოკუმენტი # 19

დასკვნის პირველ აბზაცში საუბარია, რომ შემოწმებულ იქნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების დადასტურებისთვის საჭიროა, რომ ამ ჯგუფმა გამოავლინოს ხარვეზები და მისი აღმოფხვრა მოსთხოვოს შ.პ.ს “დაგს”. აქ ჩამოთვლილი ხარვეზების რაოდენობა სცდება ყოველგვარ საზღვრებს, როგორც მისი რაოდენობის, ასევე ხარვეზებისა და დეფექტების ხასიათის მიხედვით. ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელშეკრულება არაჯეროვნად შესრულდა. ხარვეზები პარკის რეაბილიტაციისთვის, დღესაც გამოუსწორებელია: დარგული ხეების ნარგავები არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ ნერგების სიმაღლეს. არ არის დამონტაჟებული წყლის დასალები ე.წ სოკოები წყლის მოწოდების სენსორული სისტემით. არ დამონტაჟებულა სკამები და სანაგვე ურნები. პარკში დარგული ხეები უნდა შეღებილიყო ორი მეტრის სიმაღლემდე, თუმცა შეიღება მხოლოდ ერთ მეტრომდე. სკვერის ირგვლივ და  შიგნით დაგებული ფილები აშკარად უხარისხოა. სკვერის მონოლითური რკინა-ბეტონის შემოფარგლვა უსწორმასწოროა და უხარისხოდაა ყალიბში ჩასხმული, რის გამოც ზოგიერთ ადგილებში გამოზნექილია, ზიგზაგისებურია, ხოლო ზოგიერთ ადგილებში შელესილია  ქვიშა-ცემენტის ხსნარით. სკვერში არ დაურგიათ პროექტით გათვალისწინებული ყვავილები. აღნიშნულ ხარვეზებზე ეცნობა შემსრულებელ ორგანიზაციას ინსპწქტირების ჯგუფის მიერ, თუმცა უშედეგოდ. ამას ამავე ჯგუფის წევრებიც ადასტურებენ და აქვე დასძენენ, რომ დაფინანსდება მხოლოდ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები.

(ჟურნალისტური გამოძიების დასკვნითი, მეხუთე ნაწილი იხილეთ რამდენიმე დღეში)

სხვა ახალი ამბები: