აღმოჩნდებიან თუ არა ზუგდიდელი “ნაციონალები” ახალაიებისა და მეგის ქარდავას ხელში?-დაპირისპირება გრძელდება

0

ერთხელ უკვე დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში ისევ დაშლისპირასაა. პრეზიდენტყოფილის მიერ სკაიპის საშუალებით კურთხეულ და მკვდრეთით აღმდგარ პარტიას ადგილობრივი ორგანიზაციის ლედრობაში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან კონჯარია ეცილებიან.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გუნდში უნებლიედ აღმოჩნდა ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი წევრი ანა წითლიძე, რომელიც თანდათან ჩამოშორდა ქობალია-ახალაიების ახალ ტანდემს. საგულისხმოა ისიც, რომ ახალაიების კლანი, რომელსაც ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია და მისი გარემოცვა სასტიკად არ მოსდიოდა თვალშიც, ახლა უკვე ერთი ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებულნი.

დაპირისპირების პირველი კერა ორ ჯგუფს შორის ისევ სოციალურ ქსელში გაჩნდა. საკრებუილოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. წითლიძე მომხრეა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ბედი გადაწყვიტოს ადგილობრივმა აქტივმა და არა ცენტრმა, როგორც ეს “მაშინ” ხდებოდა.

“პირადად მაქვს პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ სამეგრელოს რეგიონული კონფერენცია, რომელმაც უნდა აირჩიოს სამეგრელოს დელეგატები პოლიტსაბჭოში იყოს არამართული და სამეგრელომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პრინციპულად ვარ დღესაც წინააღმდეგი რომ ნებისმიერი გავლენა თბილისიდან ვინც არ უნდა იყოს ეს არ იქნება სწორი რადგან ზუგდიდმა, ხობმა, მარტვილმა, სენაკმა, წალენჯიხამ, ჩხოროწყუმ, ფოთმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება მისი წარმომადგენელი პოლიტსაბჭოში, არა ვინმეს დაკვეთით არამედ ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად”-წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

სწორედ ამავე სტატუსზე მას ღიად უპირისპირდებიან ჯერ კიდევ თანაპარტიელები, რომლებიც მას გოროზიების კლანის წევრად მოიხსენიებენ, თავად გოროზიას კი ხელისუფლების ქოლგის ქვეშ მყოფ ფიგურად.

ერთ-ერთი facebook მომხმარებელი წითლიძეს კითხვას უსვამს: -“არ ლობირებთ გოროზიას და არც კონჯარიას და ამას უბრალოდ რაგიონული აქტივისტები იგონებენ?”

წითლიძის პასუხი კი დასმულ კითხვაზე ასეთია:

“არც გოროზიას (რომელიც ენმ მარტვილის თავმჯდომარეა) არც კონჯარიას, არც ქობალიას და მაქაცარიას (რომელიც ეს მეორე მხარეს უნდა) და ჩემი პოზიცია გუშინდელ შეხვედრაზე სადაც მთელი სამეგრელოს პარტიული ორგანიზაციები იყვნენ და მათ შორის იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები ვითხოვე სწორედ ეს რომ არ ყოფილიყო თბილისიდან არანაირი ჩარევა (რაც იყო და არის) და რომ რაიონებმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება ვის აირჩევენ. რეგიონული აქტივისტები არა კონკრეტული ადამიანები ვინც იმათ ლობირებენ ვისაც უნდათ მე დავუჭირო მხარი”-წერს ანა წითლიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ერთ-ერთი პრეტენდენტის, ლაშა მაქაცარიას ახლო ნათესავი სალომე მაქაცარია ანა წითლიძეს სოციალურ ქსელში ღიად უპირისპირდება. “ვიცოდი რისი მკადრებელიც იყავი, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადრო. საზღვარი აქვს ყველაფერს”-წერს სალომე მაქაცარია ანა წითლიძის მისამართით, რომელსაც ადრესატი მკაცრადვე პასუხობს.

“სალომე ამ პოლემიკაში შეგნებულად არ შემოვალ რადგან შენ იცავ შენი ოჯახის პოზიციას ლაშა მაქაცარიას სახით, რომელიც ახლა ცდილობს “ზუგდიდის და სამეგრელოს დალაგებას” შენი გამოყენებით ტყუილებით და შანტაჟით. უფრო კონკრეტულად ისევ პარტიის ინტერესების გამო არ ვისაუბრებ. დანარჩენი შენს მეგობრებს კითხე გუშინდელ შეხვედრაზე. შენ ხარ ავტორი იმ სამარცხვინო განცხადებისა რაზეც უმრავლესობას მოტყუებით მოაწერინეთ ხელი. უფრო დეტალები ისევ თქვენთვის იქნება საზიანო. ნახვამდის”-წერს წითლიძე სალომე მაქაცარიას საპასუხოდ თუმცა სოციალური ქსელში მაქაცარიას გამოხმაურებები უკვე არ ჩანს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ წითლიძემ მაქაცარია საკუთარ გვერდზე დაბლოკა და კომენტარების წაშალა.

როგორც SMO NEWS-სთვის გახდა ცნობილი, სწორედ ქობალია-ახალაიების ტანდემმა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში წერილი გააგზავნა, სადაც ლევან კონჯარიაზე მაკომპრომენტირებელი ფაქტებია მითითებული.  წერილში კატეგორიულადაა მოთხოვნილი, რომ ფაქტებიდან გამომდინარე ლევან კონჯარია “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ “შავ სიაში” აღმოჩნდეს.

ახალაია-ქობალია-ქარდავების დაჯგუფებას “ახალ ნაციონალურ მოძრაობაში” მრავლად ჰყავს ისეთი მხარდამჭერები, რომლებიც სწორედ მეგის ქარდავასთან და თავად ახალაიებთან ასოცირდებოდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით ამ მხრივ სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია გამოირჩევა, ასევე ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი ლევან თორია. ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ბრძოლა” ჯერ კიდევ არ არის მოგებული.

“ნუ გგონიათ, რომ პარტია გაწმენდილია და ბრძოლა მოგებულია, არამც და არამც! ახლაა სიმტკიცე და ერთად დგომა საჭირო, რათა ისევ ის შეცდომა არ დავუშვათ, რომლის შედეგს ახლა ვიმკით!
ლევან კონჯარია, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდა აქციების ჩატარების დროს ლაშა დამენიასთან ერთად და მოლაპარაკების რეჟიმში იყო ქართული ოცნების შტაბთან, რა სინდისით გამოთქვამს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრობის სურვილს?!”-წერს თორია სოციალურ ქსელში.

შიდადაპირისპირებები ექსპრეზიდენტის მშობლიურ პარტიაში ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დრომდე არც ის არის ცნობილი თუ ვის აირჩევს პარტიული აქტივი და ვისზე გააკეთებს აქცენტს ცენტრალური ოფისი.  “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში კარები საგულდაგულოდ არის დაკეტილი. პარტიის რიგითი წევრები კი იმ დასკვნამდეც მიდიან, რომ “ომგამოვლილი” პარტია ზუგდიდში შესაძლოა ახალაიებისა და მეგის ქარდავას ხელში აღმოჩნდეს.

სხვა ახალი ამბები: