ახალი თაღლითური სქემები ზუგდიდში და მიმართვა შს მინისტრს

0

დევნილებს ზუგდიდში ბინების მიღების მიზნით გარკვეულ თანხებს თაღლითური დაჯგუფებები კვლავ სძალავენ. ასეთ ხმაურიან განცხადებას სოციალურ ქსელში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი ნონა უბილავა აკეთებს. უბილავა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს მიმართავს, მიიღონ ზომები და აკრძალონ მსგავსი ქმედებები, რომელიც დევნილ მოსახლეობას აზარალებს.

“სულ ცოტა ხნის წინ სამინისტროს და თქვენი უწყების ერთობლივმა ღონისძიებებმა შეაჩერა რამოდენიმე თაღლითური ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედება. თუმცა ამ ეტაპზე ისევ არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა , რომ მუშაობს გამომძალველთა ახალი დაჯგუფება. არის სტანდარტული ფასებიც. ბინის მიღებაში სავარაუდოდ იღებენ 3 ათას ამერიკულ დოლარს , ხოლო სახლის შესყიდვა ღირს 4 ათასი ლარი.

დევნილებში სერიოზულად მუსირებს აზრი , რომ ეს არის სტანდარტი. დარწმუნებული ვარ , განსახლების სამინისტრო გულისყურით ადევნებს თვალყურს პროცესებს, ერკვევა საქმეში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. თუმცა ალბათ აუცილებელია და საჭიროა თქვენი უწყების ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ გვჯერა , რომ ყველა დამნაშავე იქნება გამოვლენილი და ისედაც გაჭირვებული დევნილი ტყუილუბრალოდ არ გადაიხდის თანხას იმაში, რასაც კანონიერად ისედაც მიიღებს”-წერს ნონა უბილავა სოციალურ ქსელში.

უბილავამ SMO NEWS-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის მზად არის შესაბამისი ჩვენებები მისცეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაუსახელოს კონკრეტული ფაქტები აღნიშნულთან დაკავშირებით. საქმის გამოძიების დაწყებამდე კი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი დევნილ მოსახლეობას აფრთხილებს:

“მინდა მივმართო დევნილ მოსახლეობას. ნუ წამოეგებით თაღლითების ანკესზე. არავინ ამ ეტაპზე თანხის გამო არაფერს არ გამოყოფს. უზენაესია კანონი და ყველანი ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ მას!”-წერს სოციალურ ქსელში ნონა უბილავა.

სხვა ახალი ამბები: