აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს სენაკში აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდნენ რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენლებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს მათ და გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თაოსნობით გამოცემული წიგნი ,,მომავლისათვის მარადისობაში’’.

წიგნში შესულია 400-ზე მეტი მებრძოლის მოგონება სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ გმირთა შესახებ. გამოცემა განახლებადია და მას კიდევ დაემატება მოვლენების თვითმხილველთა მიერ მიწოდებული მასალები.

ვახტანგ ყოლბაიამ და გოჩა დგებუაძემ ისაუბრეს ომში დაცემულთა გმირობის მნიშვნელობაზე. წიგნს თან ერთვის ბარათი შემდეგი სიტყვებით: ,,საქართველო არასოდეს დაივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელებს. მათი თავგანწირვა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მადლობა საქართველოს ერთიანობას შეწირულ გმირთა დედებსა და ოჯახებს.’’

სხვა ახალი ამბები: