აფხაზური მხარე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემაზე უარს აცხადებს

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გალის შეხვედრაზე ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა გაგრძელდა.

“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 2 აგვისტოს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: