არასამთავრობო ორგანიზაციები ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

0

დღეს სოფელ ჯიხაშკარში განვითარებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ,,საუნჯე”, ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, ,,ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და ,,ჰელფინგ ჰენდი” საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ყოველგვარ დაპირისპირებას წინასაარჩევნო პერიოდში და მოუწოდებენ ჩართულ მხარეებს ურთიერთპატივისცემისაკენ.

“თვითმმართველობის ორგანოებს და სამართალდამცავებს კი ვთხოვთ, უზრუნველყონ უსაფრთხოება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე. 2016 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის თემში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრაზე მომხდარი ინცინდენტი ცხადჰყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული ძალები ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხოლო პასუხისმგებელი უწყებები კი სათანადოდ ვერ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას.

კერძოდ, აღნიშნული შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართაც, ამასთან იყო მცდელობა, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალათ. საბედნიეროდ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ასეთი ფაქტი მაინც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობაზე. მოვუწოდებთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას თუ სხვა აქტიურ მხარეს, თავი შეიკავონ აგრესიული დამოკიდებულებისაგან ოპონენტების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი წინასაარჩევნო პერიოდი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო­ები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დის­კუ­­სი­ების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.”

ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირება ცხადჰყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონით დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ (ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ადგილიდან ჯიხაშკარის მაცხოვრებლებმა გააძევეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არ მომხდარა ინცინდენტის თავიდან აცილება). მოვუწოდებთ ამ ორგანოებს, ისევე, როგორც სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოება”- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: