ათასი ლარი ე.წ “ნაციონალი” სოფლის რწმუნებულების “გადარჩენის” სანაცვლოდ

0

“სამსახურში რომ დავეტოვებინეთ 1000 ლარი მომთხოვეს. მე არ მქონდა, თუმცა გადავწყვიტე სესხი ამეღო და შემდეგ ხელფასით გამესტუმრებინა. მთავარი იყო სამსახური არ დამეკარგა”-აცხადებს smo news-თან საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა და რედაქციას კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ერთ-ერთ ტერიტორიულ ერთეულში smo news-თან აცხადებს, რომ წლებია აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა. სახელმწიფომ ის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაასაქმა, თუმცა როგორც სოფლის რწმუნებულს განსაკუთრებული უფლებები არასოდეს ჰქონია.

“ვიყავი ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, რომელიც ასრულებდა გამგებლის დავალებებს. ასე იყო მაშინ და ასე იქნებოდა სულ, რადგან მე ვემსახურებოდი სახელმწიფოს და არა კონკრეტულ პირებს. არასოდეს ისეთი რამ არ გამიკეთებია, რომ ჩემს მიმართ რაიმე კითხვები გაჩენილიყო”,-აცხადებს ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი რწმუნებული.

“ნაციონალების” მიერ დანიშნულ სოფლის რწმუნებულს პრობლემები 2012 წლიდან შეექმნა. როგორც ის smo news-თან აცხადებს პრობლემები მხოლოდ სამსახურის მოსალოდნელ დაკარგვას შეეხებოდა.

“ახალი გამგებლისგან არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რამ, რომ მქონოდა საბაბი და შიში სამსახურის დაკარგვისა. მაგრამ იყვნენ ძალები, რომლებიც ალბათ სარგებლობდნენ გარკვეული გავლენის სფეროებით და კოლეგების მეშვეობით მითვლიდნენ, რომ თავის გადასარჩენად რამე უნდა მეღონა. ერთხელ ჩემთან მოვიდა ჩემივე კოლეგა და პირდაპირ მითხრა. ყოფილი რწმუნებულები ყველა რაღაცას აკეთებს და შენც რამე მოიმოქმედეო. მე ვერ მივხდი ჯერ რას მეუბნებოდა. შემდეგ გავარკვიე, რომ იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ე.წ “ნაციონალი” რწმუნებულების “გადარჩენაზე ზრუნავდა”.

SMO NEWS-ის წყაროს განცხადებით, რამდენიმე სოფლის რწმუნებულს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია არწმუნებდა, რომ ახალი ხელისუფლება მათ მოშორებას აპირებდა. ამ საქმიდან იოლ და როგორც თავად ამტკიცებდა, რეალორ გამოსავალს თავადვე სთავაზობდა.

“ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ “გადარჩენისთვის” საჭირო იყო მხოლოდ 1000 ლარი. ნამდვილად არ მქონდა აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება, თუმცა სამსახურის შესანარჩუნებლად ბანკიდან სესხი გამოვიტანე. მე ბანკში ისედაც ბევრი სესხები მქონდა, ამიტომაც ამაშიც ოჯახის ერთ-ერთი წევრი დავიხმარიე. მინდა გითხრათ, რომ ამ სესხს ორი წლის განმავლობაში ვიხდიდი. ხელფასიც არ მქონდა მაღალი და გარდა ამისა ოჯახშიც უამრავი პრობლემა გვქონდა”-აცხადებს ერთ-ერთი სოფლის ყოფილი რწმუნებული.

SMO NEWS-ის ინტერვიუერის მსგავსად ყოფილი გამგებლებისგან თანხები არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერმა, ლალი ანთიამ კიდევ მიიღო. მათივე განცხადებით ლალი ანთიას ყოველთვიურად აძლევდნენ გარკვეულ თანხას და სოფლის ნობათს ანთიას მოთხოვნის საფუძველზე.

კითხვაზე, იყო თუ არა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ინფორმირებული ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩადენილ თვითნებურ ქცევებზე, გამგებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ხელმძღვანელობასთან ამასთან დაკავშირებით არასოდეს უსაუბრიათ.  სოფლის რწმუნებულების გარკვეული კატეგორიისთვის ლალი ანთიას თვითნებური ქმედებები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ანთიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ არსებობდა.

“როგორც ბოლოს გავარკვიეთ ჩვენ გვაშინებდა ლალი ანთია და უხეშად რომ ვთქვათ “გვაბოლებდა”, რომ ამ გზით მერე ჩვენთვის თანხები გამოეძალა. საკითხი ჩვენი გაშვების შესახებ არც იდგა, უბრალოდ ანთიამ სიტუაცია გამოიყენა და ამ სიტუაციით მანიპულირებდა”-აცხადებს ერთ-ერთი სოფლის ყოფილი რწმუნებული.

სხვა ახალი ამბები: