აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სენაკში გრძელდება

0

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის სამუშაოები სიმინდის ფართობებში მიმდინარეობს. შეწამვლის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეწამვლის არეალი მუნიციპალიტეტში ჩატარებული სრულმასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების და შემწამვლელი ჯგუფის მიერ, სპეციალური ტექნიკისა და თერმული ნისლის გამოყენებით, ახალსოფელში დაახლოებით 500-550 ჰექტარ საყანე ფართობებს დაამუშავებენ.

სიმინდის ყანები უკვე დამუშავდა ნოსირისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სამუშაოები გაგრძელდება და გრაფიკის შესაბამისად, ფართობების თერმული დამუშავება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – მონიტორინგს, საინფორმაციო კამპანიას და ქიმიური წამლობის ღონისძიებებს მოიცავს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილია მავნებლის ამსახველი ინტერაქტიული რუკა და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.

სხვა ახალი ამბები: