აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები სენაკშიც დაიგეგმა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს გიორგი იაკობაშვილს, სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

გიორგი იაკობაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი. დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოები სავარაუდოდ მაის-ივნისში დაიწყება, მავნებელის დაფრთიანებამდე ე.წ. ნიმფის ასაკში.

მონიტორინგის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებენ, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, უსასყიდლოდ ქიმიური პრეპარატი გადაეცემათ.

მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სამეგრელო 16600, გურია – 16006, იმერეთი – 16601 (ზარი უფასოა). სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური – 1501. ასევე, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები და მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.

აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

სხვა ახალი ამბები: