ბავშვობაში… (პაპუნა შუშანიას ბლოგი)

0

ბავშვობაში ყოველ გაზაფხულზე მერცხლების მოფრენის თარიღს ვიმახსოვრებდი და ყოველი შემთხვევისთვის კედელზე თეთრი ქვით ვაწერდი. სანაპიროზე გულის ფორმის პატარა ქვას ვპოულობდი. შემდეგ იქვე, ხიდიდან ვისვრიდი და სურვილებს ვატანდი. თუ გვერდში თანატოლი მახლდა სანაძლეოს ვდებდით, ვინ უფრო შორს გაისვრიდა – ქვა აუცილებად ბრტყელი უნდა ყოფილიყო, რომ დიდ მანძილზე გესროლა.

ზოგჯერ, მცენარეებითაც ვმკითხაობდით – გვირილის ფურცლებს შემდეგი სიტყვებით ვითვლიდი – “კი” და “არა”. აქაც სურვილს ჩავუთქვამდი და თამაშის ბოლო მამშვიდებდა. ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი და ჩათქმული სურვილიც ხდებოდა. როცა ეს რიტუალი მბეზრდებოდა ზემელზე გავიდოდი, სადაც უბნის ბავშვები იკრიბებოდნენ. ცუცას ეზოს გვერდით, ქვებით სტადიონს შემოვხაზავდით და მუხლის გადატყავებამდე ფეხბურთს ვთამაშობდით. შემდეგ, ცუცა გაგვიწყრებოდა – ჩვენს სტადიონს შემოსაზღვრულ ქვებს ააცლიდა და გვესროდა.

სეფის ქორწილებში ცალ ხელში ლიმონათი გვეჭირა და მეორე ხელში კიტრი. პადარძალს ვემალებოდით – გვერიდებოდა უცხო ადამიანის. პატივისცემა გვქონდა უფროსის – შეპასუხებას ვინ გაბედავდა – სოციუმი აყალიბებდა ნიშან-თვისებებს, აი ის სოციუმი ახლა რომ გარემო-პირობებს ეძახიან. იყო და არა იყო რა. ალბათ დრო იყო ასეთი, სულ სხვა ამბავი იყო…

ფქვილი იყო და ქატო არა.

ლხინი იყო და ჭირი არა.

ახლა ბუდეებიც ცარიელია და კედელზე მონიშნული თარიღიც წაშლილი. მეხსიერებიდან ამოლაგებულ ამბებს კი ვორდის ფაილებში ვინახავ. აღარც გულის ფორმის ქვებს ეძებენ ბავშვები და აღარც გვირილებზე მკითხაობენ. სხვაგვარად იმტვერება ფეხსაცმელი სოფელში და ქვასროლია ცუცაც აღარაა… მაგრამ არიან ადამიანები და არსებობს ისტორიები, რომლებიც ახერხებენ შთაბეჭდილების, გავლენის მოხდენას, რაც მერე სულ გახსოვს და რამხელაც არ უნდა იყო, არ გავიწყდება…

ახლა ბავშვობის ამბების გახსენების პრევენციაზე ვყალიბდები რაც რეალურად იყო და არა იყო რა …. ბავშვობაში….