ჩაშლილი “ბოლო ზარი” ზუგდიდში – მოსწავლეები სკოლის დირექტორს უპირისპირდებიან

0

ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები „ბოლო ზარის“ ღონისძიების ჩატარების აკრძალვაში ადანაშაულებენ. მოსწავლეების თქმით, დოდო ცქვიტაიამ მათ „ბოლო ზარის“ დღეს საკლასო ოთახები ჩაუკეტა და ღონისძიების გამართვის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ დირექტორის განაწყენება მე-12 კლასელებისთვის ე.წ. „თავისუფალი დასწრების“ პერიოდში სკოლაში გამოუცხადებლობამ გამოიწვია.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დირექტორი და ამბობს, რომ მას „ბოლო ზარის“ ჩატარება არ აუკრძალავს.

„ერთი თვე ეს კარები ბოქლომით იყო ჩაკეტილი, არ დადიოდნენ ეს ბავშვები და ამ დღეს რა გაუკვირდათ? როცა შემოვიდნენ და გასაღები მთხოვეს, ავდექი და მივეცი. არც სკოლის შიგნით, სააქტო დარბაზში და არც გარეთ ეზოში, მათ არ ჰქონდათ დაბრკოლება, რომ ჩაეტარებინათ ღონისძიება“, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს პროცესები მართულია, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.

დოდო ცქვიტაია ადასტურებს, რომ ის მოსწავლეებზე განაწყენებული იყო, რადგან ბავშვები „თავისუფალი დასწრების“ დროს სკოლაში არ დადიოდნენ.