ჩხოროწყუს მერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

0

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინესა და ახუთში ადგილობრივებს შეხვდა. შეხვედრა მერის მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების ორგანიზებით გაიმართა.
მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე ღიად ესაუბრა.

ძირითადი საკითხები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შეეხო. პრიორიტეტად სოფლებში სკვერების, ნაპირსამაგრი ჯებირების, შიდა საუბნი გზებისა და სახიდე გადასასვლელების მოწყობა დასახელდა.

მოსახლეობამ ასევე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიიღო.

დათო გოგუამ ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

მერმა აღნიშნა, რომ რუსთაველის უბნის მაცხოვრებლებს რამდენიმე თვეში ასფალტირებული გზა ექნებათ, სამუშაოები ამ მიმართულებით მომავალი კვირიდან დაიწყება, მისი განცხადებით, მიმდინარე წელს დასრულდება ახალი ხიდის მშენებლობა ოჩხომურის უბანში,მდინარე ოჩხომურზე.

უახლოეს მომავალში დაიწყება ასევე ხიდის მშენებლობა სოფელ ახუთში მდინარე ზანაზე, პროექტის ღირებულება 809 800 ლარს შეადგენს. სოფელ ახუთის ცენტრიდან სოფელ ნოღას საზღვრამდე დაიგება ასფალტირებული გზა.

მომავალ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი 7 მარტს , ოთხშაბათს გამართავს, 14:00 საათზე ის ქვედა ჩხოროწყუს, 15:30 საათზე კირცხის, ხოლო 17:00 საათზე ლეწურწუმეს მოსახლეობას შეხვდება.