ჩხოროწყუს მერმა მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის სოფლის მეურნეობისა და ა(ა)იპ მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს,ისაუბრეს ასევე, თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის, აგროტექნიკის და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის აგროკალენდარზე. ხაზი გაესვა, რომ მავნებლის გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით.

მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, ქვეყნის მასშტაბით, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სოფლებში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებთა საჭიროებები. მერის მოადგილე ვალერი თოდუამ აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობისთვის ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერის მოწვევით იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, მათ ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა,რომლის საფუძველზეც მათ მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასკვნები.

ვალერი თოდუამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფ ოჯახებს,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მერიაში მოქმედ სპეციალურ კომისიასთან ერთად, ოჯახებში ეწვევა და ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას,რის შემდგომაც მათი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიღებულიქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

პროექტის “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის”, ფარგლებში, მუნიციპალიტეტის “ეტალონი” მოსწავლე გამოვლინდება. ღონისძიება, მიმდინარე წლის 4 აპრილს, დაბის #1 საჯარო სკოლის სპორტ.დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობას საჯარო სკოლების შიდა კონკურსში გამარჯვებული 68 მოსწავლე მიიღებს. გამოვლინდებიან ასევე პრიზიორები ,რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.აღნიშნულზე მერის მოადგილემ ისაუბრა.

თათბირზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.