ჩხოროწყუში ახალი საწარმო იქმნება (ვიდეო)

0

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში,კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება – გადაწყვეტილება მთავრობამდღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სამი საწარმოდან ერთ-ერთი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეიქმნება. ქვედა ჩხოროწყუში დაფნისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოს ინვესტიცია 130 000 ლარს შეადგენს.

ჩხოროწყუს გარდა ახალი საწარმო  მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში შეიქმნება. საწარმო სამშენებლო მასალების წარმოებას განახორციელებს და მისი საინვესტიციო მოცულობა 1 300 000 ლარამდეა.

ასევე, ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ ექნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა თუ საქართველოს მოსახლეობას, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ცხელი სადილი ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში, არის, საღამოს სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი და, ადგილობრივი პროდუქციის შეძენისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს კავშირი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: