ჭუბერის თემის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

0

ჭუბერის თემის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

როგორც ჭუბერის რწმუნებული ნინო ვიბლიანი აცხადებს, ამ ეტაპზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა და ასევე საფრთხვის ქვეშაა 5 ოჯახი, რომელსაც უახლოეს წუთებში გამოიყვანენ.

ამ წუთებში ჭუბერში გზის გაყვანის სამუშაოებს ორი ერთეული ტექნიკა აწარმოებს. გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამატებით 30 მძიმე ტექნიკა ჭუბერისკენ მოემართება და უახლოეს მომავალში სამანქანო გზის აღდგენა მოხდება.

ვანეთში მომხდარი სტიქიის გამო, ჭუბერის თემის ყველა სოფელს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დააზიანა. კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგების სრულად აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება, თუმცა ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულები არიან და ცდილობენ მოსახლეობის ნაწილს მაინც აღუდგეს დენის მიწოდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრაზე მოვარდნილი ღვარცოფის გამო სოფლები დევრა, კავრი, ზგურიში, ტიტა ცენტრს მოწყვეტილები არიან.