ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

0

ჭუბერში, სტიქიის ზონაში აღდგენითი და მდიანრის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პრობლემურ კერებზე მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა სპეციალური სანათების საშუალებით მიმდინარეობდა. ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა.

ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები.

ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ეცნობიან.