დადიანების სასახლეთა ეზოში მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “როგორც გენებოთ”

0

24 ივნისს, 19:00 საათზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “როგორც გენებოთ”.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირია განდევნილი ჰერცოგის შვილი – როზალინდა, რომელსაც თითქოს შთამომავლობით გადაეცემა სამეფოდან განდევნილის სტატუსი. მისი გმირი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ გვევლინება. ის მზადაა, საკუთარი ცხოვრება თეატრალურ სამყაროდ გარდაქმნას, ბიჭის როლი შეითავსოს და თამამი ნაბიჯებით იაროს არდენის ტყეში. ქეთევან შათირიშვილის როზალინდა არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი გმირი. თუ სპექტაკლის დასაწყისში სრულიად უსუსურ, დროსა და სივრცეში გაშეშებულ არსებად გვევლინება, სპექტაკლის მეორე მოქმედებაში ძლიერი, გამბედავი, სიტყვაუხვი ჭაბუკია, რომელიც არდენის ტყეში მოხეტიალე მწყემსებისა თუ დიდებულების ბედნიერებაზე ზრუნავს. როზალინდა ქალისა და კაცის როლის თამაშით, იცავს საკუთარ თავს და განუყრელ ბიძაშვილს – სელიას და ასევე ცდის ორლანდოსა და თავის სიყვარულს.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიის ხელმძღვანელის, მაია ღუბელაძის განცხადებით, სპექტაკლის ჩვენება ზუგდიდში კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტია.

სხვა ახალი ამბები: