დახედე საათს…-პაპუნა შუშანიას ბლოგი

0

დედა მარიგებდა, საათს დააკვირდი – ისრები მხოლოდ წინ მიდის, ყველა განვლილი წრიული ბრუნვა უკვე წარსულია… როცა რაღაცაზე მეუბნებოდნენ – არ გამოგივაო, რამდენჯერაც ვცადე იმდენჯერ გამომივიდა. მიტოვებულმა ახალი ურთიერთობა უნდა შექმნა,რომ შექმნა ან შენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება უნდა მოახდინო, შექების ძიებისთვისა და წარსულის გახსენებისთვის უკან არ მოიხედო და არც განკითხვის შეგეშინდეს – მერე მიხვდები რომ გაიზარდე – შინაგანად სრულფასოვნდი – მერე ისევ საათს დააკვირდი და ისრებს უყურე…..

ყველა ცხოვრებისეული გამოწვევისა თუ დაბრკოლების შემთხვევაში ასე მოიქეცი, წარსულს შეეშვი, აწმყოთი იცხოვრე და მომავალი შეიქმენიო. იშვიათად თუ ვშვრებოდი ასე, როცა ვქენი შედეგსაც არ დაუყოვნებია. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დღეს ამ ყველაფრის ვორდის ფაილებში შენახვა, ალბათ იმიტომ რომ დღეს არეული კითხვების დალაგებისა და ფურცელზე გადმოტანისთვის საკმარისი დრო მაქვს. ისევ ძველი სახლის მეშვიდე სართული. გონებაში დალექილი მოგონებებისა და არეული ფიქრების სინთეზი, განცდა ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე. ახალი ურთიერთობები, სახეები, მოწოდებები, შემართება – შინაგანი მდგომარეობა კი ძველი და უცვლელი.

ინტრიგები, შეუჩვევლის შეჩვევა, უინტერესო კითხვები, ჯოხებად ქცეული მზესუმზირების სევდა, ციანოზური უღიმღამო ღიმილი, ყალბი მეგობრები, ქაოსი, ქილიკი ჩემს გარეგნობაზე, მეტყველებაზე, მანერებზე, ნამოქმედარზე, კავშირებზე, ინფორმაციათა სიმრავლე, მოსწრება-არმოსწრებაზე ფიქრი დაა საქმე, რომელიც თხემით-ტერფამდის გიყვარს და ამ ყველაფრის გაძლებად ღირს. გამომუშავებული იმუნიტეტი – ცხოვრებისეულ გამოწვევებისა თუ განსაცდელების ფონზე წონასწორობასა და სიმშვიდის შეგრძნებას არ ვკარგავ- შედეგად კი ყველა აგრესიაზე პასუხი – დუმილი და ღიმილი. სურვილი.

აი ის სურვილი – შენთვის რომ გინდა იყო,. ისე როგორც შენ გინდა, არც პირველის გუნდრუკის მკმეველი რომ გინდა იყო და არც მეორეთი თვალახვეული, ადამიანი რომ იყო უბრალოდ, და ისე ცხოვრობდე, როგორც შენ გინდა, შენი ინტერესების, სურვილებისა და განწყობის შესაბამისად. საათს ვაკვირდები – ისრები ისევ მხოლოდ წინ მიდის, ყველა განვლილი წრიული ბრუნვა უკვე წარსულია… ეს დღეც და რაც დავწერე ისიც. ისევ საათს დავაკვირდები და ასე მუდმივად ვიმეორებ დედის დარიგებას – თუ არ ვცადე ისე არაფერი გამომივა…

სხვა ახალი ამბები: