დეპუტატები შატალოზე – ვინ აცდენს მუდმივად საკრებულოს სხდომებს ზუგდიდში?

0

2014 წელს ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობამ საკრებულოს დეპუტატები აირჩია. თვითმმართველობის არჩევნებზე ინტერესი საკმაოდ დიდი  იყო, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე დამოუკიდებელი კანდიდატების მხრიდან.

პოლიტიკური ინტერესის გარდა, რა თქმა უნდა, დასაქმება არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არჩევნებში მონაწილეობისთვის, მითუმეტეს, რეგიონში, სადაც დასაქმების პრობლემა უფრო მეტი სიმწვავით დგას და მოსახლეობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები წარმოადგენს დასაქმების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას.

არჩეული დეპუტატები თვიურ სარგოს სახელმწიფოსგან 375 ლარის ოდენობით იღებენ, რომელსაც ემატება უფასო საკომუნიკაციო საშუალება GSM ოპერატორების მომსახურების სახით და ინდივიდუალურად განსაზღვრული საწვავის ლიმიტი. გარდა ამისა თითოეული დეპუტატი ვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, დაესწროს სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაში.

ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS დაინტერესდა საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების ინტენსივობით. შესაბამისად გამოვიხმეთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შემდეგს.

საკრებულოს წევრთა დასწრება რიგგარეშე თუ მიმდინარე სხდომებზე ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. smo news-მა საკრებულოს სხდომებზე დეპუტატთა დასწრების 4 წლის შედეგები მოითხოვა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომმა 2014 წელს სხდომმა ჩატარდა 26-ჯერ. აღნიშნული სხდომებიდან 22-ს არ დასწრებია დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან კონჯარია. კონჯარია 2014 წელს გამართული 26 სხდომიდან მხოლოდ ორს დაესწრო.

2015 წელს  საკრებულოს სხდომა ჩატარებულ იქნა 37-ჯერ. 37 სხდომიდან, იგივე ლევან კონჯარია დაესწრო მხოლოდ 13-ჯერ. 24 სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი არ დასწრებია.

2016 წელს  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარებულ იქნა 31-ჯერ. აქედან, ლევან კონჯარია მხოლოდ 6 სხდომას დაესწრო, ხოლო 25 მოწვევის სხდომას არ დასწრებია.

2017 წელს  საკრებულოს სხდომა ჩატარებულ იქნა 17-ჯერ. 17 სხდომიდან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მხოლოდ 2 სხდომას დაესწრო, ხოლო 15 სხდომაზე ის არც გამოცხადებულა.

რაც შეეხება დანარჩენ დეპუტატებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მათაც აქვთ სხდომაზე დასწრების გაცდენები, თუმცა არაუმეტეს 3-4 გაცდენისა.

ანალოგიური მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. აქ გაცდენების მხრივ მხოლოდ ორი დეპუტატია გამოკვეთილი. ესენი არიან, დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან”, გია სხულუხია და ბესიკ გაბუნია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან SMO NEWS-ის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული დეპუტატები სხდომაზე გამოცხზდების შესახებ შესაბამის ჟურნალში ხელს აწერენ, თუმცა სხდომის დაწყებიდან სულ რაღაც 5 წუთში უჩინარდებიან. ბესიკ გაბუნია და გია სხულუხია საკრებულოს სხდომებზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან, თუმცა ყოველთვიურ სარგოს ისინი სახელმწიფოსგან შეუფერხებლად იღებენ.

ცნობისათვის, ზუგდიდის საკრებულომ  2015 წლის 11 ივნისს „ქართული ოცნების“ ქვოტით გასულ კახა მიქაიას და  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გასულ ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კახა მიქაიასა და ცოტნე მურღულიას მიერ სხდომების გაცდენა 6 თვეზე მეტი ვადით

კახა მიქაიას მიმართ ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 24 დეპუტატმა, ცოტნე მურღულიას მიმართ  – 25-მა. ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

სხვა ახალი ამბები: