დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს

0
დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.  ”მინდია ს.-მ.  მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა  8000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
როგორც გამოძიებამ დაადგინა,   მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თითქოსდა ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირების დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დახმარების სანაცვლოდ, მინდია ს-მ მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ, 8000 აშშ დოლარი, სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა.
მინდია ს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – ნათქვამია სუს – ის ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: