დღეს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 79 წლისთავი აღნიშნეს

0

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ზუგდიდში, დარჩელსა და ჯიხაშკარში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზვიად გამსახურდიას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

დღეს სიმბოლურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.