დიდთოვლობა სამეგრელოში – ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

0

დიდთოვლობაა სამეგრელოში. ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, სენაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში დილიდან გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა ზოგიერთ მუნისციპალიტეტში უკვე 30 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა დიდ თოვლს ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია.

სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტს ამ დრომდე ელექტროენერგიაც უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. დილიდან გადაუღებლად თოვს. აქედან გამომდინარე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.

სამეგრელოში მუნიციპალიტეტების უმრავლესობა მიუხედავად უქმე დღისა დღესაც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. smo news ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

“საგანგებო რეჟიმში ვართ გადასული, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობა, ასევე მერია და შესაბამისი სამსახურები. გზები სოფლებში ამ დროისთვის ყველგან გაწმენდილია და პარალელურად იყრება ტექნიკური მარილი. ასევე იწმინდება გზები ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე არანაირი შეფერხება არ ყოფილა. რაც შეეხება ელექტროენერგია, ამ დრომდე ყველა სოფელს, ქალაქს მთლიანად უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. არის პატარ-პატარა პრობლემები, თუმცა ეს პრობლემები დროულად გვარდება და საბოლოო ჯამში გვაქვს სიმშვიდე”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია.

Smo news-მა უახლესი ინფორმაცია მიიღო წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდანაც. გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინე ბელქანიას განცხადებით თოვლის საფარმა წალენჯიხაში 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, თუმცა სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად თოვს,თოვლის საფარმა 30-სანტიმეტრს მიაღწია. აქედან გამომდინარე,მობილიზებულია ტექნიკა,მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი”,-განაცხადა ეკატერინე ბელქანიამ smo news-თან სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: