ძროხა და ხბო დასაქმების სანაცვლოდ – ზუგდიდში თაღლითური სქემები იშიფრება

0

“ვნანობ!” ასეთი სათაურით გაზეთმა “ალიამ” არასამთავრობო ორგანიზაცია”ქალები მშვიდობისათვის” ხელმძვანელის ლალი ანთიას ინტერვიუ გამოაქვეყნა. ანთია საგაზეთო ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თითქოს მან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს სამეგრელოში სიკვდილს გადაარჩინა. ანთიას მტკიცებით სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით სწორედ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

2012 წლის გადმოსახედიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, დღეს შევიწროვებას და წნეხს ისევ განიცდის. ამის მიზეზად სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას ასახელებს. ლალი ანთია საგაზეთო ინტერვიუში ღიად აცხადებს, რომ ლევან შონიამ ის 5 თვით ციხეშიც გამოამწყვდია.

გაზეთ “ალიაში” ლალი ანთიას ინტერვიუს დაბეჭდვიდან მეორე დღეს smo news-ს ერთ-ერთი პიროვნება  დაუკავშირდა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა მან კონფედენციალურობის დაცვა მოითხოვა და რედაქციას ექსკლუზიური ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოფაილების გადაცემას დაპირდა.

-რა სახის ინფორმაციას ფლობთ?

-ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს, მაგრამ ამის მოყოლას ალბათ მინიმუმ ორი დღე დასჭირდება. ამიტომაც მე მხოლოდ მთავარზე გავამახვილებ ყურადღებას.

-და რას ეხება ეს ინფორმაცია?

-უფრო სწორი იქნებოდა რომ გეთქვათ, თუ ვის ეხება. ინფორმაცია, რომელიიც მე გამაჩნია ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, მაგრამ პირველ რიგში ლალი ანთიას, რომელიც დღემდე ასაღებს თავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად.

ინტერვიუს მიცემა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მის მიერ გაზეთში გამოქვეყნებულ ათასგვარ სისულელეს და სისაძაგლეს მოვკარი თვალი.

smo news-ის წყარო ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის გააქტიურება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ყველა მისი ნაბიჯი წინასწარ არის გაწერილი. კონფედენციაალური წყარო ლალი ანთიას უკან მაღალი თანამდებობის პირებს ხედავს, რომლებიც სწორედ იქ მუშაობენ, რომელ უწყებაზეც თავად ლალი ანთია ახორციელებს “ძლიერ დარტყმებს”.

-მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება, თუმცა მინდა აქვე დავაანონსო. ლალი ანთიას უკან დგას მაღალი თანამდეებობის პირები, რომლებიც გუბერნიაში მუშაობენ. ამავდროულად ისინი მუშაობენ გუბერნატორ ლევან შონიას წინააღმდეგ, ფარად კი ამ ქალბატონს იყენებენ.

-თქვენთვის საიდან გახდა ამის შესახებ ცნობილი?

-ჩემთვის ამ ადამიანის შესახებ ყველაფერი ცნობილია მას შემდეგ, რაც მან ზურაბ ჟვანიას ბანაკში დაიდო ბინა. მას შემდეგ მე ყველა დეტალი ვიცი ამ ადამიანზე, ლალი ანთიაზე. რაც შეეხება ტქვენს კითხვას, მე თავად ვნახე ანთია ამ თანამდებობის პირებთან ერთად კონფედენციალურ შეხვედრებზე. ანთია მათ არ ხვდებოდა ზუგდიდში. ხვდებოდნენ ხობში და სენაკში. ერთ-ერთი ამ თანამდებობის პირთაგან ლალი ანთიას მეორის დაკვეთით სხვადასხვა სახის ინსტრუქტაჟს აძლევდა, რა დროს რა უნდა გაეკეთებინა. მათი მიზანია თანამდებობიდან მოქმედი გუბერნატორის გადაყენება ნებისმიერ ფასად, რომ მერე თვითონ დაიკავონ ეს ადგილები.

-და ლალი ანთიას საიდან დაუკავშირდნენ მაღალი თანამდებობის პირები?

-ანთია მათ დიდიხანია იცნობს. იმ დროიდანაც კი, როცა თავად ანთია ზვიად გამსახურდიას “ერთგული მხარდამჭერის” როლს თამაშობდა. უფრო არ მინდა დავკონკრეტდე, სანამ ჩემს ხელთ არსებულ ყველა ვიდეო და აუდიომასალებს გადმოგცემთ.

-ვიდეო და ფოტომასალა რასთან ან ვისთან არის დაკავშირებული?

-რა თქმა უნდა ლალი ანთიასთან. 2012 წელი ანთიამ გამოიყენა სათავისოდ. საკითხავია 2012 წელს ვინ გადაარჩინა მან და საერთოდ ვის თამაშს თამაშობდა? მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანთია სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაუსვა “ქართულ ოცნებას”. ანთია შესანიშნავად აკეთებდა იმ საქმეს, რაც “ნაციონალებმა” დააკისრეს. მას ყოველ ღამე “კუდ”-ის მაღალჩინოსნები აკითხავდნენ სახლში და ინფორმაციებს იღებდნენ მისგან თუ რა ხდებოდა “ოცნების” შტაბში. შეხვედრები ხდებოდა წალენჯიხაში, ზღვაიას ჩაის პლანტაციებში. ანთია ორმაგ თამაშს თამაშობდა მთელი ცხოვრება და ასეა დღემდე!

-ამის გამო ქალბატონი ანთია რაიმე სარგოს იღებდა თუ უბრალოდ ეს იყო შანტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან?

-არანაირი შანტაჟი დამიჯერეთ. ლალი ანთია ამ ყველაფერში იღებდა უზარმაზარ თანხებს. ამის შემდეგ ანუ 2012 წლიდან, როცა უკვე სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, დაიწყო თანამდებობების განაწილება. ამას ლალი ანთია მეთაურობდა. პირველ რიგში მან თანამდებობაზე საკუთარი შვილი დაანიშნინა, შემდეგ დაასაქმებინა ნათესავები და ბოლოს გადავიდა ყოფილ ნაციონალებზე, რომლებიც სწორედ ანთიას თხოვდნენ “გადარჩენას”.

-ანუ რას ნიშნავს “გადარჩენას”?

-ანთია მათ ყველას იცნობდა, საუბარი მაქვს სოფლის გამგებლებზე. როცა დაინახა ანთიამ, რომ აქ უკვე შეეძლო შავი ფული ეკეთებინა ამ გზით, უკან არ დაიხია. მას ჰყავდა მოკავშირე თითო ან ორი გამგებელი, რომლებიც სხვებს აუწყებდნენ, რომ “გადარჩენა” ლალისთვის შეეძლოთ ეთხოვათ. რათქმაუნდა ისინიც არ აყოვნებდნენ და ანთიას აძლევდნენ ფულს.

-თქვენ იქნებ ისიც იცით თუ რამდენს იხდიდნენ სოფლის გამგებლები “გადარჩენისთვის”?

-“სტავკა” 1000 ლარი იყო. ბევრს არ ქონდა ამის საშუალება და იძულებული გახდნენ, რომ ბანკებიდან აეღოთ თანხა სესხის სახით. გარდა ამისა, ლალი ანთია ყოველთვიურად თითოეული გამგებლისგან ითხოვდა 100-100 ლარს. ყოველთვიურ ამკრეფად მას ყავდა ასევე ისეთი ოპიროვნებები, რომლებსაც გამგებლებს შორის ყველაზე მეტად ენდობოდა.

-და თქვენ იცით იმ გამგებლების ვინაობა, რომელსაც ლალი ანთია ყველაზე მეტად ენდობოდა?

-რათქმაუნდა.

-დღესაც მუშაობენ ეს “გადარჩენილი” გამგებლები?

-არა, ყველა მოხსნილია და სწორედ ეს ვერ ასვენებს ანთიას. მან ყველა ბერკეტი დაკარგა ფულის საკეთებლად. მისი ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი გაიშიფრა და მოიკვეთეს. მოხსნილებს შორის არის მისი შვილიც, გიზო სართანიაც. არც ერთი მისი ნათესავი ამჟამად არ მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებაში და ეტყობა ეს ხალხი ავიწროვებს მას.

-რატომ ავიწროვებს?

-ავიწროვებს, რადგან ხალხმა ფული გადაუხადა დასაქმებისთვის. ყოველთვიურ იჯარას იხდიდნენ თუ თანხობრივად არა სოფლის ნაწარმით, ყველით, მაწონით, ხაჭო და რავიცი რა გითხრათ. არის ფაქტები, რომ ლალი ანთიამ ერთ-ერთ მაცხოვრებელს სოფელ ორულუდან დასაქმებისთვის ძროხა ჩამოაყვანინა ხბოსთან ერთად.

-ცოტა არ იყოს დაუჯერებლად ჟღერს…

-გეთანხმებით. დაუჯერებლად და სასაცილოდ…მაგრამ ეს რეალობაა.

smo news-ის სტუმართან ინტერვიუს გაგრძელებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. მომავალ ინტერვიუს თან ახლავს ფოტოები და ვიდეო კადრები. როგორც კონფედენციალურმა წყარომ ჩვენთან საუბრისას განაცხადა ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2012 წლიდან დღემდე.

სხვა ახალი ამბები: