ედიშერ თოლორაია: “არასდროს დამიყვია ჩემი მოსახლეობა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ბოლო შეხვედრა გამგებლის ამპლუაში დღეს ჩაატრა. თოლორაიამ გამგებლის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად მის პირველ მოადგილეს გიზო სართანიას დააკისრა. გამგებლის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს დააკმაყოფილა.
უკვე ყოფილი გამგებელი გამგეობის თანამშრომლებს, ა.ა. ი. პ-ების წარმომადგენლებს და გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა, შეაჯამა გასული 4 წლიანი თანამშრომლობა, მადლობა გადაუხადა ურთიერთობისთვის და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

“მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთად გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები გისურვოთ. მე არ დამიკლია მონდომება კარგი საქმეები მეკეთებინა და მჯერა რომ, ამის მიღწევა შევძელი. არასდროს დამიყვია ჩემი მოსახლეობა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ვცდილობდი ყველას საჭიროება გულთან ახლოს მიმეტანა და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობა, სამაგალითოა ქვეყნის მასშტაბით და ეს ყველა ჩვენთაგანის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ბოლო 4 წლის განმავლობაში 1200 -ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ. წარმატებები გვაქვს ყველა სფეროში და ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს. ჩვენი ყველა მოქმედება ხალხზე და მათ ინტერესებზე იყო მორგებული. მჯერა რომ ეს წარმატებები გაგრძელდება და მეც უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის“- აღნიშნა საკრებულოში საანგარიშო შეხვედრაზე ედიშერ თოლორაიამ.

შეხვედრის დასასრულს, გამგეობის თითოეულმა თანამშრომელმა მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილ გამგებელს გაწეული მუშაობისთვის, ერთგულებისთვის და მეგობრობისთვის.თანამშრომლებმა დასახულ მიზნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები და ახალ შრომით გზაზე ბედნიერი მომავალი უსურვეს.

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებლის მოვალეობას დღეიდან გიზო სართანია შეასრულებს.